გახარიამ დესტრუქციულ ოპოზიციას მიმართა, ქუჩაში დაგტოვებთო, იმედია, დღესაც ამ აზრზეა – სუბარი

ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი ყოფილი პრემერის, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ პოლიტიკიდან არ მიდის.

მისი თქმით, გიორგი გახარიაზე უკეთ არავინ იცის, ვინ არის პოლარიზაციის სათავე და იმედოვნებს, რომ დღესაც ამ აზრზეა.

„ეს რომ გახარიამ ძალიან კარგად იცის, გამოჩნდა იმ სიტყვებში, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტში როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, როცა დესტრუქციულ ოპოზიციას მიმართა – მე თქვენ ქუჩაში დაგტოვებთ, თქვენი ადგილი ქუჩაში არისო. იმედი მაქვს, დღესაც ამ აზრზეა და თავის თავს არ ეწინააღმდეგება“, – თქვა სუბარმა პირველი არხის ეთერში.

კითხვაზე, რამდენად წარმოუდგენია გახარია ოპოზიცინიონერად, სუბარმა განაცხადა, რომ ამაზე ჯერ ვერ ისაუბრებს. მისივე თქმით, უმრავლესობის არსებობა საფრთხის ქვეშ არ დგას.

„ვნახოთ, ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრაამს არქმევდნენო, შექმნას პარტია და შემდეგ ვისაუბროთ. უმრავლესობის არსებობა საფრთხის ქვეშ არ დგას“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის არა ქვეყნიდან, არამედ პოლიტიკიდანაც არ მიდის. მან შემდეგ “ტვიტერზე” დაწერა, რომ მუშაობს თავის პოლიტიკურ დღის წესრიგზე.