გელით ყველას, ვისთვისაც მიუღებელია რუსეთში დაბრუნება – ხვალ, 19:00 საათზე მედიის სოლიდარობის მარში გაიმართება

18 მაისს, 19:00-ზე, მედიის სოლიდარობის მარში გაიმართება. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება. ღონისძიების ორგანიზატორები მთავარი არხი, ფორმულა და კავკასია არიან.

“16 მაისს, ნიკა გვარამიას დაპატიმრებით, ქართულმა ოცნებამ ერთდროულად გათელა ფეხქვეშ ადამიანის უფლებები, სასამართლო, სიტყვის თავისუფლება და ქვეყნის ევროპული მომავალი.

დღეს, როცა გახსნილია შესაძლებლობის ფანჯარა, კრიტიკული მედიის მფლობელის დაპატიმრება არის უკან დახევა ათწლეულობით ნაბრძოლი და ნაშრომი ევროინტეგრაციის შესაძლებლობისგან და დაბრუნება რუსეთში, საიდან თავის დაღწევასაც საქართველოს პატრიოტთა არაერთი თაობის წარმომადგენელთა სიცოცხლე შეეწირა და ეწირება ახლაც.

კრიტიკული მედია დღეს ერთადერთია, რაც საქართველოს რუსეთისგან განასხვავებს და ახლა მედიას სოლიდარობა სჭირდება. 18 მაისს, 19:00-ზე, მედიის სოლიდარობის მარში რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება. გელით ყველას, ვისთვისაც მიუღებელია რუსეთში დაბრუნება და გსურთ მოიპოვოთ თავისუფლება”- ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.