გემანიის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ მათ პოლიგონს, სადაც უკრაინელები იწვრთნებიან, დრონები უთვალთვალებდნენ

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ გამოცემა Business Insider–ს დაუდასტურა, რომ 1 ოქტომბრის ღამეს ბუნდესვერის საწვრთნელ პოლიგონს, “ვილდფლეკენს“ სადაც უკრაინელი სამხედროების წვრთნები მიმდინარეობს, უცნობი პირები დრონების საშუალებით უთვალთვალებდნენ.

გამოცემამ საკუთარ წაყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ საწვრთნელი პოლიგონის გარშემო მინიმუმ 10 დრონი გამოჩნდა.

უპილოტო საფრენი აპარატების სამხედრო პოლიგონის უშუალო სიახლოვეს აღმოჩენის შემდეგ ბავარიისა და ჰესენის საზღვარზე საპოლიციო ოპერაცია ჩატარდა. დეტალები არ ხმაურდება. დაწყებულია გამოძიება.

გერმანიის თავდაცვის სამინისტრო არ პასუხობს გამოცემის კითხვას, ვინ დგას ამ ფაქტის უკან, თუმცა მედია წერს, რომ საავარაუდოდ ყველას ეჭვი რუსეთზე აქვს. ბოლო თვეების მანძილზე მსოფლიოში არაერთხელ მოხდა უპილოტო საფრენი აპარატების უცნაური გამოჩენა. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ნორვეგიის ნავთობის პლატფორმების თავზე, უსაფრთხოების ზონაში. იანვარში უპილოტო საფრენი აპარატები შენიშნეს შვედეთის ატომური ელექტროსადგურის თავზე.

გამოცემა წერდა, რომ პოლიგონზე უკრაინელ სამხედროებს ჯავშანტრანსპორტიორ “დინგოს“ გამოყენებაში ავარჯიშებენ. გერმანია უკრაინას 50 ასეთ მანქანას მიაწვდის.