გერმანია ყოფილ კანცლერს რუსეთთან ურთიერთობის გამო ოფიციალურ პრივილეგიებს ჩამოართმევს

გერმანიის სამი მმართველი პარტია გეგმავს ყოფილ კანცლერ გერჰარდ შროდერს ჩამოართვას ოფიციალური პრივილეგიები და შტატის თანამშრომლები. გერმანიის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შროდერმა  რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის მიუხედავად რუსეთთან ახლო კავშირები არ შეწყვიტა.

შროდერის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ საპარლამენტო ბიუჯეტის კომიტეტის დეპუტატები შეთანხმდნენ და გერმანიის ყოფილი ლიდერის ზოგიერთი ოფიციალური პრივილეგია რეალურ მოვალეობებს დაუკავშირეს და არა ყოფილი კანცლერის სტატუსს.

ისინი დეპუტატებისთვის წინადადების წარდგენას ხუთშაბათს გეგმავდნენ.

შროდერი არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელ დასავლეთში ბოლო თვეების განმავლობაში სულ უფრო იზოლირებული ხდება რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ კომპანიებში მუშაობის გაგრძელების გამო.

78 წლის შროდერი რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „როსნეფტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ის ასევე აქტიურად იყო ჩართული ჩრდილოეთის ნაკადის ორივე მილსადენის პროექტებში.

ამ წლის დასაწყისში, შროდერის თანამშრომლებმა სამსახური დატოვეს რუსეთთან მისი კავშირების გამო. ყოფილი კანცლერის პოლიტიკური მოკავშირეების მხრიდან აღშფოთების ახალი ტალღა წარმოქმნა იმან, რომ „ნიუ-იორკ ტაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში შროდერმა თქვა, რომ რუსული ჯარის მხრიდან ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის გამოძიება უნდა მომხდარიყო სიმართლის დასადგენად და რომ მას არ ჰგონია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერი პუტინი ამ ბრძანებებს გასცემს.