წამებისთვის ძებნილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა გერმანიამ საქართველოს გადმოსცა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა გერმანიამ ქართულ მართლმსაჯულებას გადმოსცა. ჭაკუას ექსტრადირება ბერლინიდან თბილისში დღეს განხორციელდება.

დავით ჭაკუა არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურანტი და მსჯავრდებულია. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებულ ბაჩო ახალაიასთან, რეზო ჭარბაძესა და მეგის ქარდავასთან ერთად მსჯავრდებულია 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირებაში, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა. ამასთან, დავით ჭაკუა მსჯავრდებულია იუსტიციის ყოფილ მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან ერთად, პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში; სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციასა და მოწმეზე ძალადობაში.

დავით ჭაკუას ბაჩო ახალაიასთან ერთად ასევე ბრალი ედებოდა ბიზნესმენ ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ცემაში.

დავით ჭაკუა ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 23 მარტიდან იძებნებოდა.

პროკურატურა ჯერ კიდევ 2013 წელს აცხადებდა, რომ ჭაკუას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტებს ამზადებდა. მაშინ ყოფილი მაღალჩინოსანი ავსტრიაში დააკავეს, თუმცა მალევე 5000 ევროიანი გირაო შეუფარდეს და გაათავისუფლეს. ჭაკუას აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება.