“გვაქვს 2 დღე, რომ ვიმსჯელოთ რა სახის შეზღუდვები იქნება“– ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, რა შეზღუდვები მოიხსნება და რა დარჩება 24 დეკემბრიდან და ამის შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს როგორც ექსპერტებთან, ისე ბიზნესსფეროს წარმომადგენლებთან.   ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციებად კვლავ რჩება მკაცრი შეზღუდვები, თუმცა, ტიკარაძის თქმით უწყება ითვალისწინებს, რომ ამის გამო მოქალაქეებს მენტალური პრობლემები უჩნდებათ.

“აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ხშირად უჩნდებათ მენტალური პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მკაცრი შეზღუდვებია. მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის დაცვა, როდესაც ზიანი არ მიადგება როგორც ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობას ინფექციის გავრცელების კუთხით, ასევე ადამინების მენტალურ ჯანმრთელობას და რა თქმა უნდა, ეკონომიკური საქმიანობის გადახედვაც უნდა მოხდეს. შესაძლო რისკების დადგომის შემთხვევაში ყოველთვის გვაქვს ბერკეტი, რომ მივუბრუნდეთ მკაცრ შეზღუდვებს. ჩვენ გვაქვს ორი დღე, რომ ვიმსჯელოთ, რა სახის შეზღუდვები იქნება”. – თქვა ტიკარაძემ.

შეზღუდვები საქართველოში 28 ნოემბრიდან მოქმედებს, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00 სთ-დან, რომელსაც ხელისუფლება გადაადგილების შეზღუდვეს უწოდებს.  თავდაპირველად დაანონსდა, რომ შეზღუდვები 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე პერიოდში შემსუბუქდებოდა, მათ შორის გაიხსნებოდა სავაჭრო ობიექტები, თუმცა ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ 24 დეკემბრიდან შეიძლება შეზღუდვები აღარ შემსუბუქდეს.