გვეგონა, რომ თაკარა მზე ვირუსს მოკლავდა, ასე არ ყოფილა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ კორონავირუსს მზის სხივები არ კლავს, თუმცა შესაძლებელია ზაფხულში დაავადების გამოწვევის უნარი შემცირდეს.

“აქამდე ჩვენ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარება შევაჩერეთ. ახლა ვართ მართვის სტადიაში. ჩვენ უნდა ვმართოდ ახალი შემთხვევები, მეორე მხრივ, თანდათან იხსნება სრულად ეკონომიკა, რომ მოსახლეობამ იმუშაოს და შემოსავალი ჰქონდეს. ასე რომ, ბალანსი უნდა დავიცვათ. იქნება მეორე ტალღა თუ მესამე, ამაზე მსჯელობენ მეცნიერები. ოდნავ დინამიკა არის იმის, რომ ვირუსის ვირულენტობა თითქოს მცირდება – არა მარტო ჩვენთან, გლობალურადაც. შესაძლებელია, ზაფხულში ვირულენტობის შემცირება გაგრძელდეს. ის, რაც გვეგონა, რომ თაკარა მზე ვირუსს მოკლავდა, ასე არ ყოფილა. ეს არ ხდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირების ყველა შემთხვევა არის კონტროლირებადი და ემორჩილება მართვას. გამყრელიძის თქმით, თითქმის ყველა წყარო ნაპოვნია, 6-ზე კი ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.