გვესმის ქვეყნის პოზიცია, რადგან საქართველო უფრო მოწყვლადია ვიდრე სხვა ქვეყნები – კოლასი

საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს პოზიცია მისთვის გასაგებია, რადგან ‘საქართველო უფრო მოწყვლადია ვიდრე სხვა ქვეყნები, რადგან ის რეგიონში რუსეთთან ძალიან ახლოს მდებარეობს”, ამასთან ერთად, მან  აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, არ სურთ  “საქართველო იქცეს შავ ხვრელად, რომელიც დაასუსტებს დასავლეთის დაწესებულ სანქციებს”.  ამის შესახებ, კოლასმა გადაცემაში ”პოლიტიკა Bloomberg-თან ერთად” განაცხადა. 

“კოლექტიური ძალისხმევა არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელშიც ჩართულია მთელი დასავლეთ ევროპა, რათა პასუხი გავცეთ უკრაინისადმი რუსეთის გაუმართლებელ აგრესიას. ეს მოიცავს დიდ კოლექტიურ ძალისხმევას სანქციების ჩათვლით და ფაქტია, რომ ეს პოლიტიკა წარმატებულია.

მე მუდმივად ვიმეორებ, რომ ჩვენ გვესმის საქართველოს პოზიცია – საქართველო უფრო მოწყვლადია ვიდრე სხვა ქვეყნები, რადგან ის რეგიონში რუსეთთან ძალიან ახლოს მდებარეობს. შესაბამისად, ჩვენ გვესმის, რომ ქვეყნისთვის არსებობს დამატებითი მიზეზები სიფრთხილისთვის, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიგრძნოთ საქართველოს მხარდაჭერა ამ კოლექტიურ ძალისხმევაში.

ეს არის მასიური პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც დასავლეთის ქვეყნები არიან გაერთიანებული. ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ საქართველო გვიდგას გვერდით. ეს, რა თქმა უნდა, ითარგმნება მხარდამჭერ განცხადებებში, იმაში, რომ საქართველოს ტერიტორია არ უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ რუსეთი დასავლეთის სანქციებს შეეწინააღმდეგოს. მე ეს ძალიან ბევრჯერ გავუმეორე საქართველოს ოფიციალურ პირებს. სწორედ ამას ვადევნებთ თვალს. ჩვენ არ გვსურს, რომ საქართველო იქცეს შავ ხვრელად, რომელიც დაასუსტებს დასავლეთის დაწესებულ სანქციებს.

რამდენჯერაც ეს გავაჟღერე [ხელისუფლებისგან] პასუხად მივიღე, რომ „ჩვენ ამას არ გავაკეთებთ”, რაც მოსასმენად ძალიან კარგია. მე ასევე ვესაუბრე ცენტრალური ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რათა ვნახო, რას აკეთებენ ისინი რომ პრაქტიკაში ამ შავი ხვრელის შექმნა არ მოხდეს. შესაბამისად, ამას ვადევნებთ თვალს და ჩვენი მოლოდინი არის საკმაოდ ნათელი. ამ ეტაპზე მე მხოლოდ მხარდამჭერ განცხადებები მოვისმინე, მაგრამ ჩვენ მონიტორინგს ვაგრძელებთ. ” – განაცხადა, კოლასმა.