გირაოზე თანახმა ვარ, ბინას ჩავდებთ და გამოვიყვანთ – ივერი მელაშვილის მეუღლე

ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე ამბობს, რომ პროკურატურის შუამდგომლობაზე, რომ მისი მეუღლე გირაოთი გათავისუფლდეს, თანახმაა.

მისი თქმით, გირაოს გადასახდელად ბინას ჩადებს.

“სასამართლოსგან ველოდები იმას, რომ ამ უდანაშაულო ხალხს გაათავისუფლებენ, ყოველ შემთხვევაში წინასწარი დაკავებიდან მაინც. საბოლოოდ რომ გამართლდებიან, ამაში ეჭვი ერთი პროცენტითაც არ მეპარება იმიტომ, რომ საერთოდ უდანაშაულო ადგილას არის რაღაც დანაშაული შეთითხნილი. იმედი გვაქვს, რომ გამოუშვებენ. პოლიტიკური საქმეც ისე მიდის, რომ ოპოზიცია ითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ალბათ პოლიტიკური ნებაც იქნება. გირაოზე რა თქმა უნდა თანახმა ვარ, ბინას ჩავდებთ და გამოვიყვანთ”, – ამბობს თამარ სულაძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ გირაოზე ივერი მელაშვილიც თანახმა იქნება, რადგან ადვოკატებს საქმეს სჭირდება, რომ გარეთ იყოს და “ნორმალურად ითანამშრომლოს ადვოკატთან”.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.