გირჩი არავისთან არ განიხილავს ბლოკს, გირჩი იქნება ცალკე – იაგო ხვიჩია

ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 ოპოზიციური პარტია: გირჩი, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი და ევროპული საქართველო ბლოკის შექმნას გეგმავს.

ამ ინფორმაციას უარყოფს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია.

“გირჩი არავისთან არ განიხილავს ბლოკს, გირჩი იქნება გირჩი, ცალკე, ამ წუთას არაფერი სხვა არ განიხილება, თუმცა ის ითანამშრომლებს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან საერთო მიზნის მისაღწევად”,– ამბობს ხვიჩია.

ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძეც ამბობს, რომ მსგავსი კოალიცია არ განიხილება.

“ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, ბუნებრივია, არიან პოლიტკური ძალები, რომლებთანაც უფრო მეტი გვაქვს საერთო. რაც შეეხება რაღაც კოალიციაზე საუბარს, ახლა როცა არჩევნების მერე მთავარი საკითხი არის გაყალბებული არჩევნების ბოიკოტი და პარლამენტში არშესვლა, ბუნებრივია, ეგეთი რაღაცები არ განიხილება”,– ამბობს კაპანაძე.

კოალიციის შექმნისთვის მზადებას არ ადასტურებს პარტია ლელო და სტრატეგია აღმაშენებელიც.