გირჩი დეზერტირების პარტიაა, როგორ შეიძლება არჩევნებზე გამოიყვანო? – მეუფე იაკობი

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო ქადაგებისას წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა “ჯეჯილივით ამოვიდა” და მას ევროპული საქართველო და გირჩი გამოეყო.

“8 წელი გავიდა და კიდე ვიძახოთ ნაცები, ნაცები, ერთი პარტია ხო არ გახდა. აბა, შეხედეთ, რამდენ პარტიად იქცა, გაღვივდა ეხლა და კარგად, ჯეჯილივით ამოვიდა. არის თვითონ ნაციონალური მოძრაობაც. მე კიდე ერთხელ ვიძახი, რომ თუ არ შევრიგდით, ხსნა არაფერში არ იქნება, ვინც არ უნდა მოვიდეს არავინ არ არის საქართველოში, რომ რამე გააკეთოს, თუ ერთობა არ იქნება, თუ ღმერთი არ დაგვეხმარა, ერში არ არის ასეთი პიროვნება”. – ამბობს მეუფე იაკობი.

მან პარტია გირჩს “დეზერტირების პარტია” უწოდა და ხელისუფლებას უსაყვედურა, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევენ.

“არის ევროპული საქართველო, იმასაც აქვს იდეა, ევროპულ საქართველოსაც თავისი იდეა აქვს. კიდევ ერთი გამოეყო, დეზერტირების პარტია. ასე ვთქვათ, გირჩზე ვიძახი. როგორ შეიძლება, როდესაც ხელისუფლება ხარ ასეთი რამ დაუშვა – ეს დეზერტირები არჩევნებზე გამოიყვანო. სამშობლოსთვის ბრძოლა არ უნდათ, იმიტომ ეწერებიან და გახდნენ მღვდელმსახურები. ვისაც თავის არიდება უნდა ჯარიდან და არ უნდა ცივი ნიავი მიეკაროს, პლუს ნარკოტიკი და მთავრობაც აიყოლიეს და ლამის ნარკოპლანტაციები გაგვიშენეს აქ”,– აცხადებს მეუფე.

ბოდბელი ეპისკოპოსი ასევე აღნიშნავს, რომ დაუშვებელია არჩევნებში დეზერტირების მონაწილეობა, სახელმწიფო კი ვალდებულია, დაიცვას უშიშროება.