გირჩი საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ ხვალ დინამოსთან ეკრანს დადგამს

პოლიტიკური პარტია გირჩი აპირებს, ხვალ დინამოს ცენტრალურ შესასვლელთან ეკრანი დადგას. გირჩი ფეხბურთის გულშემატკივრებს სთავაზობს, თუ სტადიონზე არ შეუშვებენ, თამაშს დიდ ეკრანზე ერთად უყურონ.

“მთავრობის შეზღუდვების გამო, 12 ნოემბრის საქართველო – ჩრ. მაკედონიის მატჩს გულშემატკივრები ვერ ესწრებიან. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია დინამოს ცენტრალურ შესასვლელთან, უზარმაზარ ეკრანთან შევიკრიბოთ და ისე ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს! 12-ში, 20:45-დან გელოდებით პაიჭაძის სახელობის სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან”,- წერია ღონისძიების აღწერაში.

კომენდანტის საათის მიუხედავად, რომელიც 22:00 საათიდან იწყება, გირჩი სტადიონთან დარჩენას აპირებს და იმედოვნებს, რომ ფეხბურთის ფანებს პოლიცია არ დააჯარიმებს.

“ჩვენ, ამ ივენთის ორგანიზატორები და გულშემატკივრების ნაწილი ვაპირებთ პირადი პასუხისმგებლობის აღებით, მატჩის დასრულებამდე ვიყოთ სტადიონთან. გვჯერა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, ნაკრების საგულშემატკივროდ მისულ ფანებს პოლიცია ნადირობას და დაჯარიმებას არ დაუწყებს. თუმცა, ამის გარანტია არ არსებობს, ამიტომ ვერ მოგიწოდებთ 22:00-ის მერე ჩვენთან ერთად, სტადიონთან დარჩენისკენ. თუ გადაწყვეტთ, რომ დარჩეთ, ეს თქვენი პირადი პასუხისმგებლობა იქნება”,-წერია განცხადებაში.

სტადიონზე ხვალინდელი მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისა და უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩები 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, 15 ნოემბერს სომხეთთან და 18 ნოემბერს ესტონეთთან გაიმართება.