გოგი წულაია ითხოვს ექსპერტიზას, რომელიც დაადგენს, შეუძლია თუ არა მას სქესობრივი აქტის დამყარება

გოგი წულაია ითხოვს ექსპერტიზას, რომელიც დაადგენს, შეუძლია თუ არა მას სქესობრივი აქტის დამყარება. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “სხვა ნანუკა” ისაუბრა.

გოგი წულაიას პოზიცია იყო ეს [ამ საკითხზე საჯაროდ საუბარი] სასამართლოზე, მან მოითხოვა სასამართლოზე ამ ტიპის ექსპერტიზის ჩატარება. თქვა, ოპერაციის მერე, ჯერ ერთი მეკრძალებოდა და მეორე, უნარიც არ მქონდა ამ ტიპის მოქმედებებისო. ექსპერტიზაც დაადასტურებდა, რომ ქმედუნარიანი არ იყო. მე უბრალოდ ის ვთქვი, რომ მას დაქვეითებული ჰქონდა ეს უნარები…  გოგი წულაია ახლაც ითხოვს ექსპერტიზის ჩატარებას, იმიტომ რომ ამ ექსპერტიზის დასკვნებით გამოირიცხება ყოველგვარი მითქმა-მოთქმა და თუნდაც ის უსაფუძვლო ბრალდებები, რასაც მას ახლა პროკურატურა უყენებს, – ამბობს ვალერი გელბახიანი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ წულაიას 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.