“შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ქალზე ძალადობისა და კიდევ უფრო ამის სხვადასხვა ფორმით გამართლებისა. გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ, ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახელზე პრეტენზია გააჩნიათ. ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა ჩემთვის გაუგებარია ადამიანურად, როგორც მორალურად. მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევაში, ფემიციდის ტრაგიკული შედეგითაც სრულდება. ყოველივე შევიწროებას, თავდასხმას, სიტყვიერს თუ ფიზიკურს, ვგმობ კატეგორიულად. ვგმობ, პირველ რიგში, როგორც ქალი და როგორც პრეზიდენტი. ვგმობ იმას, რასაც ჩვენს კულტურასთან, ტრადიციებთან, ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია და რასაც შეუძლია მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს, რომლის ისტორიას იცნობდნენ და კიდევაც იცნობენ, როგორც ძლიერი ქალების ქვეყანას. ქვეყანას, სადაც ქალთა მიმართ არც პატივისცემას აკლებდნენ და არც ზრდილობას. […]

ჩვენი ისტორიისა და რეპუტაციის შელახვას თან ახლავ პოლიტიკური ზიანიც. იმ დროს, როცა ხელისუფლება თავს აწონებს სწორედ 12 რეკომენდაციებიდან იმ ნაწილების შესრულებით, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს და გენდერს, გამოდის, რომ ერთი ხელით ვაუქმებთ მეორეთი ქაღალდზე დატანილს. მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლზე ამით განმეორებით ძალადობს, ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება. უნდა გრცხვენოდეთ!”.

ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითიც სამთავრობო ტელეკომპანია POSTV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მიერ ქალებზე ძალადობის ფაქტების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.