გული გაუჩერდა, აცრილი არ იყო – საველე ჰოსპიტლის ხელმძღვანელი გარდაცვლილზე

ქავთარაძის საველე ჰოსპიტლის ხელმძღვანელი, მერაბ ჩიქოვანის განმარტებით, გუშინ ჰოსპიტალში გარდაცვლილ მამაკაცს გული გაუჩერდა.

“არ მომხდარა მსგავსი რამ, რომ მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დამდგარიყო დღის წესრიგში. პაციენტი იყო 1945 წელს დაბადებული მამაკაცი, დაფიქსირდა გულის გაჩერება. დაუყონებლივ მოხდა დაწყება პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, თუმცა გულის რიტმის ამუშავება ვერ მოხერხდა”,– თქვა ჩიქოვანმა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტი ვაქცინირებული არ იყო.

“იმყოფებოდა ჰაიფლოუ სისტემის აპარატზე. პაციენტის ზოგადი მდგომარეობის დამძიმება განისაზღვრება კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემებით. მისი მდგომარეობა იყო სტაბილური. მისი ახლობლები იყვნენ ახალი მოსულები, ჩავაყენეთ საქმის კურსში და შემდგომ უკვე მოხდა ეს ფაქტი. უცბად დამძიმდა. პაციენტი არ იყო მძიმე მდგომარეობაში, ის იყო საშუალო სიმძიმის, მას მიეწოდებოდა მაღალი ინტენსივობის ჟანგბადი, დაფიქსირდა გულის გაჩერება და რეანიმაცია აღმოჩნდა უშედეგო. პაციენტი არ იყო ვაქცინირებული. ეს არის პირველი ლეტალური გამოსავალი ჩვენს კლინიკაში”. – აღნიშნა ჰოსპიტლის ხელმძღვანელმა.