გულუბრყვილობა, თავის მოტყუება, კორუფცია– რით ხსნის მსოფლიო მედია აშშ–ს ავღანური პროექტის ჩავარდნას

თალიბების ელვისებურმა გამარჯვება და თანამედროვე ავღანურ სახელმწიფოზე ოცნებების კრახი შოკი და დამამცირებელი მოვლენა აღმოჩნდა არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ მთელი დასავლეთისთვის. თალიბმა მებრძოლებმა 9 დღეში ავღანეთის ყველა რეგიონული ცენტრი და დედაქალაქი აიღეს. ავღანეთის პროდასავლური მთავრობის მარცხის ერთ–ერთ მთავარ მიზეზად კატასტროფულ კორუფციასთან  გამკლავების უნარის არქონა სახელდება. ვნახოთ, როგორ აფასებს მსოფლიო პრესა ავღანეთის მოვლენებს:

ოცნების ტრაგიკული დასასრული

New York Times სარედაქციო სტატიაში სათაურით “ავღანეთის ტრაგედია“ თალიბანის მიერ ქაბულის სწრაფ აღებას “ენით აუწერელ ტრაგედიას უწოდებს“.

“ეს ტრაგედიაა, რადგან ამერიკული ოცნება იმის შესახებ, რომ ის “შეუცვლელი ნაცია“ უნდა ყოფილიყო ისეთი მსოფლიოს შექმნაში, სადაც დომინირებს სამოქალაქო უფლებების, ქალების თანასწორობის, რელიგიური შემწყნარებლობის ფასეულობები, მართლაც რომ ოცნება აღმოჩნდა.  ის, რომ ამერიკელების წასვლის შემდეგ ძალაუფლებას ისევ თალიბები აიღებდნენ, დიდი ხანია ნათელი იყო. და ეს ომი მაინც დასასრულებელი იყო, თუმცა მისი ასე დასრულება ეს იმ ავღანელების ტრაგედიაც არის, ვინც ეს ოცნება დაიჯერა, მონაწილეობდა თანამედროვე საზოგადოების აშენების მცდელობაში. ბაიდენის ადმინისტრაციას უნდა ეზრუნა მათ დასაცავად.“– წერს გამოცემა.

New York Times–ის რედაქციის აზრით დამნაშავე ამ ყველაფერში არა მხოლოდ პრეზიდენტი ბაიდენია, და მისმა ადმინისტრაციამ უნდა გამოასწოროს შეცდომები, რომლებიც ავღანეთიდან გამოსვლის დაგეგმვისას დაუშვა.

“ როგორც არ უნდა იყოს, აშშ–ს არმია უძლიერესი ლოგისტიკური ძალაა და მან მთები უნდა გადააბრუნოს ადამიანების გადასარჩენად, რომლებიც უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ყველაფერს რისკავდნენ.“– მოუწოდებს გამოცემა აშშ–ს ხელისუფლებას.

აშრაფ განის ხელისუფლების სწრაფი ჩამოშლის მიზეზად გამოცემა, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ბევრი მედიასაშუალება ძალოვანი სტრუქტურების არნახულ კორუმპირებულობას და შედეგად, ამ ხელისუფლებით ბევრი ავღანელის უკმაყოფილებას ასახელებს.

ამერიკა, რომელიც თავს იტყუებდა

ბრიტანული Guardian–ის საერთაშორისო მიმომხილველი პატრიკ ვინტური წერს, რომ ამერიკელი გენერლები და პოლიტიკოსები თავიანთ ანგარიშებში და განცხადებებში მუდმივად აჭარბებდნენ ავღანური არმიის, პოლიციის და სპეცსამსახურების ბრძოლისუნარიანობის შეფასებისას. არადა მათ  განვითარებაზე ბოლო ოცი წელი და 88.3 მილიარდი დოლარი დახარჯეს.

ამასთან, დამოუკიდებელი ექსპერტები  და ბევრი ოფიცერი რეგულარულად აფრთხილებდა ყველას, რომ ამერიკელებს უბრალოდ არ ქონდათ შესაძლებლობა შეეფასებინათ, რამდენად ჰქონდათ ამ სტრუქტურებს უნარი ემოქმედათ თალიბების წინააღმდეგ აშშ–სა და სხვა დასავლელი მოკავშირეების ყოველმხრივი მხარდაჭერის გარეშე.

პატრიკ ვინტური ავღანეთის სამთავრობო ძალების მყისიერი კრახის რამდენიმე მიზეზს ასახელებს. ეს არის კორუფცია არმიასა და პოლიციაში, ნაჩუქარი ტექნიკის მართვის უუნარობა საყოველთაო გაუნათლებლობის პირობებში, საბაჟო მოსაკრებლების დაკარგვა, რის შედეგადაც მთავრობა ხელფასებსაც კი ვეღარ იხდიდა. გარდა ამისა, მიმომხილველის აზრით, იმ მომენტიდან, რაც ინიციატივა თალიბების ხელში გადავაიდა, სამხედროები მათ დაუყოვნებლივ ჩაბარდნენ იმის შიშით, რომ თალიბები მაინც გაიმარჯვებდნენ და სამაგიეროს გადაუხდიდნენ.

ბრიტანეთმა სასწრაფოდ გაგზავნა ქაბულში 600 მედესანტე ქაბულიდან ევაკუაციის უზრუნველსაყოფად.

ბატალიონი–აჩრდილები

ავღანური არმიის უსწრაფესი რღვევის მიზეზებს მიმოიხილავს ფრანგული Le Monde–იც და შეგვახსენებს იმას, რაზეც ბევრი ექსპერტი ლაპარაკობდა – ავღანურ არმიაში მკვდარი სულების და ე.წ. მიწერების შესახებ.

გაზეთი იხსენებს, რომ თავად ამერიკელი სამხედროების თქმით, ავღანელები მთელ “ბატალიონ–აჩრდილებს“ ქმნიდნენ, რათა მათ შესანახად აშშ–სგან ფული მიეღოთ და ფაქტიურად ძარცვავდნენ ამერიკელებს.

“არსებობდა 46 ბატალიონი–აჩრდილი. თითოში 800 ადამიანი იყო“– წერს გამოცემა დასავლელი დიპლომატის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც ქაბულში მუშაობდა და რომლის ვინაობა არ სახელდება. გაზეთი იხსენებს, რომ პრეზიდენტ აშრაფ განის მოთხოვნით ამერიკელმა სამხედროებმა 2017 წლიდან შეწყვიტეს მათი მფარველობის ქვეშ მყოფი ავღანელი სამხედროების დანაკარგებისა და დეზერტირობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება, რამაც ხელი შეუწყო რეალური სურათის კიდევ უფრო მეტ დამახინჯებას.

Le Monde მეორე სტატიაში, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო პრესა ქაბულის დაცემას 1975 წელს  სამხრეთ ვიეტნამის დედაქალაქის, საიგონის დაცემას ადარებს და სხვათა შორის, გვახსენებს, რომ საიგონი მხოლოდ ამერიკული ჯარების გაყვანიდან ორი წლის შემდეგ დაეცა.

ჯერ კიდევ 4 აგვისტოს პრეზიდენტი აშრაფ განი იღიმოდა. ახლა კი დევნილია

რშემდგარი სახელმწიფოების  ექსპერტი

“ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ განი ამაყობდა იმით, რომ  არშემდგარი სახელმწიფოების  ერთ–ერთი წამყვანი ექსპერტი იყო მსოფლიოში. საბოლოოდ კი მისი საკუთარი მთავრობის კრახის მომწრე გახდა“– წერს ფრანს პრესი გაქცეული ავღანელი ლიდერის პორტრეტ–სტატიაში.

“ის 2014 წელს აირჩიეს იმის გამო, რომ ავღანეთის გარდაქმნის პირობას დებდა. თუმცა ახლა, 72 წლის განი ემახსოვრებათ, როგორც ადამიანი, რომელმაც ვერ შეძლო ავღანეთის ხელისუფლებაში ღრმად ფესვგადგმული კორუფციის დამარცხება, კორუფციისა, რომელმაც როგორც ჩანს ის კრახამდე მიიყვანა.“ – თვლის სააგენტო.

სამშობლოში დაბრუნებამდე განი ცნობილი მეცნიერ–ეკონომისტი იყო აშშ–ში, შემდეგ კი მსოფლიო ბანკის მაღალჩინოსანი თანამშრომელი.

ტრამპის ნაღმი

Washington Post აშრაფ განის მთავრობის დამხობას ესეს უძღვნის და ბევრი სხვა გამოცემის მსგავსად წერს, რომ მისი პოზიციები ძლიერ შეარყია გასულ წელს, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ განის თანხმობის გარეშე;  სეპარატულად თალიბებთან დადებულმა გარიგებამ.

გამოცემის აზრით განის დადანაშაულება ბევრ რამეში შეიძლება: ის იყო ამპარტავანი, არათანმიმდევრული პოლიტიკაში, არ სურდა კონცენტრირება კონკრეტული, არსებითი პრობლემების გადაწყვეტაზე.

“მაგრამ, მართალია კრიტიკოსები მას თავხედს და სასტიკს უწოდებდნენ, მაგრამ მისი ძალაუფლება ამერიკელებმა შეარყიეს, რომლებმაც 2020 წელს თალიბებთან პაქტი დადეს, რომელიც ავღანეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა და რომელიც ციხეებიდან ათასობით თალიბის გათავისუფლებას გულისხმობდა, რასაც განი მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა, თუმცა უშედეგოდ.“– წერს Washington Post.

მოსკოვის ნეიტრალიტეტი და მინიშნება “საიდუმლო გარიგებაზე“

რუსული Независимая газета რუსეთის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერს, ვლადიმირ სოტნიკოვს ციტირებს, რომელიც ვარაუდობს, რომ მოსკოვი თალიბებთან და ავღანეთის მოვლენებთან  დაკავშირებით ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს და რომ თალიბანი სავარაუდოდ არ ხელყოფს შუააზიის სახელმწიფოების საზღვრებს.

გამოცემა წერს, რომ რუსეთი არ იჩქარებს თალიბების რეჟიმის აღიარებას.

“რაც შეეხება აღიარებას, არ ვჩქარობთ. შევხედავთ, როგორ მოიქცევა რეჟიმი“– განუცხადა სააგენტო ТАСС–ს ავღანეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა ზამირ კაბულოვმა.

მისი თქმით, ავღანეთის მომავალ ხელისუფლებასთან რუსეთის ხელისუფლებას მეგობრული ურთიერთობა ექნება. “არა მხოლოდ იმედი მაქვს, არამედ დარწმუნებული ვარ ამაში. მომავალში დავალაგებთ ურთიერთობებს, დავეყრდნობით უკვე არსებულ, ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მასალას და გამოცდილებას“– თქვა დიპლომატმა.

სოტნიკოვის აზრით თალიბები შიდაავღანურ საკითხებზე კონცენტრირდებიან, საგარეო პოლიტიკაში კი პირველი რიგში მათ მხარდამჭერ ყატარზე და საუდის არაბეთზე იქნებიან კონცენტრირებული.

რუსული კომერსანტი ვარაუდობს, რომ თალიბებისთვის ქაბულის და ძალაუფლების უსისხლო ჩაბარება შეიძლება რაღაც კულუარული გარიგების შედეგი იყოს, რომელშიც მსოფლიოს დიდი სახელმწიფოებიც მონაწილეობდენ, თუმცა გამოცემა ამ საკითხში არანაირ ფაქტს ან ინფორმაციას არ ეყრდნობა და არ იშველიებს.

შოკისმომგვრელი გულუბრყვილობა

სასოწარკვეთილი ადამიანები ქაბულის აეროპორში შეღწევას ცდილობენ

გერმანული Die Welt–ის აზრით აშშ–ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ავღანეთში არსებული სიტუაციის შეფასება სრულიად მცდარი და გამაოგნებლად გულუბრყვილო იყო.

გაზეთის კორესპონდენტი აშშ–ში, დენიელ ფრიდრიხ შტურმი მკითხველს ახსენებს, რომ ჯერ კიდევ ივლისში ბაიდენი ამბობდა, რომ თალიბები ამერიკელების გასვლის შემდეგ ძალაუფლებას არ აიღებდნენ ხელში.

“ახლა კი თეთრი სახლი შეშფოთებულია იმის გამო, რომ მათი გაქცევა ძალიან გავს საიგონიდან გაქცევას, ამერიკა კი სვამს  კითხვას, საერთოდ რას აკეთებდნენ მისი სპეცსამსახურები. ბაიდენის გეგმები ავღანეთიდან ორგანიზებული გამოსვლის შესახებ ქაღალდის ხუხულასავით დაიშალა.“– წერს გამოცემა.

“გერმანული რადიოს“ მიმომხილველი, კლაუს რემე თვლის, რომ გერმანია ბოლო თვეებში და კვირებში ისევე იქცეოდა ავღანეთთან მიმართებაში, როგორც აშშ, ანუ მოვლენათა ასეთი განვითარებისთვის საერთოდ არ მოემზადა.

მიმომხილველის აზრით, სიტუაცია მარტივი ფორმულით შეიძლება აღიწეროს – “თავს უშველეთ, ვისაც შეგიძლიათ“. თუ ქაბულის აეროპორტიდან სასწრაფოდ გაფრენილ თვითფრინავებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ადამიანების გამოყვანა, სხვა ქალაქებში ასობით და ათასობით არიან ადამიანები, ვინც ამერიკელებთან და გერმანელებთან მუშაობდნენ,  ახლა კი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და სიკვდილი ემუქრებათ.

“ფედერალური მთავრობა დაგვიანებულად რეაგირებს, ის მზად არ იყო. რა თქმა უნდა, ამერიკელების გამოსვლის გრაფიკზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ნაკლებად იყო. თუმცა, უკვე ტრამპის დროს ცხადი იყო, რომ ავღანეთიდან გამოსვლა უცებ და გაფრთხილების გარეშე მოხდებოდა“ – წერს რემე.

მისი აზრით, ახლა გერმანიამ სასწრაფოდ, დაჩქარებული პროცედურით უნდა მიიღოს ყველა, ვინც გერმანელ სამხედროებთან თანამშრომლობდა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და პრესა, უფრო ზუსტად კი ისინი, ვინც მათ შორის ავღანეთიდან გამოღწევას შეძლებენ.