დააკავეს 6 პირი, რომლებიც ორი სასტუმროს ნომრებს პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად გადასცემდნენ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 6 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“1967 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ფ.ა.-ს, 1964 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ჯ.-ს, 1954 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ბ.-ს, 1989 წელს დაბადებულ ნ.კ.-ს, 1982 წელს დაბადებულ ს.ფ.-ს და 1972 წელს დაბადებულ ბ.ა.-ს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაში ედებათ ბრალი.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში მდებარე სასტუმროების – „ჰოტელისა“ და „ტიტანიკის“ ნომრებს პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მომსახურების მიზნით, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სისტემატურად გადასცემდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს,”- აღნიშნულია განცხადეაში.