დაბინძურებული ზედაპირებიდან კორონავირუსით დაინფიცირების შანსი მინიმალურია– გერმანელი ვირუსოლოგების დასკვნა

ბონის უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის და შიდსის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, ვირუსოლოგიის პროფესორი ჰენდრიკ სტრიკი მისი  კვლევის ახალი შედეგების შესახებ საუბრობს, რომელიც გერმანიაში, Covid19-ის ეპიცენტრში, ჰეინსბერგში ჩატარდა.

ბოლო კვირების მანძილზე მისმა გუნდმა სერიოზული კვლევა დაასრულა, რომელიც გამოკითხვებისა და ცდების საშუალებით ჩატარდა ჰეინსბერგის მთელ რეგიონში მცხოვრებ ოჯახებში. ჰეინსბერგში კორონავირუსის 1400–ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. რეგიონის  მოსახლეობა 250 000 ადამიანია.  კორონავირუსით აქ 46 ადამიანი გარდაიცვალა.

სტრიკის თქმით, ეს კვლევები უკვე გარკვეულ მინიშნებას გვაძლევს, როგორ მუშაობს ვირუსი.

“არ არსებობს მნიშვნელოვან რისკი, რომ ამ ვირუსით მაღაზიებში შოფინგისას დაინფიცირდეთ. ინფექციის სერიოზული აფეთქებები ყოველთვის იმის შედეგი იყო, რომ ადამიანები დიდი ხნის მანძილზე ერთმანეთთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ, მაგალითად წვეულებაზე იშგლში, ავსტრიაში.“

როგორც მეცნიერი ამბობს,  მათ ასევე ვერ ნახა ვერანაირი ნიშანი, რომ ზედაპირზე “ცოცხალი ვირუსები“ რჩებიან.

 “როდესაც კარის სახელურებიდან, ტელეფონებიდან და ტუალეტებიდან ვირუსის ნიმუშები ავიღეთ, შეუძლებელი იყო ამ ტამპონებიდან ლაბორატორიაში ვირუსის კულტივირება.

სინამდვილეში იმისათვის რომ ვირუსით დაინფიცირდეთ, საჭიროა ვინმემ მაგალითად საკუთარ ხელში ჩაახველოს, შემდეგ დაუყოვნებლივ მოკიდოს ხელი კარის სახელურს, ამის შემდეგ კი სხვა ადამიანმა მაშინვე მოკიდოს ხელი იმავე სახელურს, შემდეგ კი საკუთარ სახეს შეეხოს“– ამბობს სტრიკი. ამიტომაც ის თვლის, რომ ე.წ. დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხებისას ვირუსის გადადების შანსი მინიმალურია.

ის ფაქტი, რომ ახალი კორონავირუსი წვეთოვანი ინფექციაა და ჰაერით არ გადადის, ადრე გერმანიის მთავარომა ვირუსოლოგმა, შარითეს კლინიკის ვირუსოლოგმა კრისტიან დროსტენმაც დაადასტურა. ერთ–ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ კორონავირუსი მეტისმეტად მგრძნობიარეა გამოშრობის მიმართ, ამიტომაც ამ ვირუსით დაინფიცირების ერთადერთი გზა “წვეთების ჩასუნთქვაა.“

ამის მიუხედავად, არსებობს სხვადასხვა დასკვნები იმასთან დაკავშირებით, როგორ ვრცელდება კორონავირუსი.

აშშ–ს ჯანდაცვის ინსტიტუტის – CDC  და NIH–ის   ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ვირუსი ქაღალლდის ზედაპირზე 24 საათი ცოცხლობს, 3 საათი აეროზოლებზე და სამ დღემდე პლასტმასის და უჟანგავი ფოლადის ზედაპირებზე. თუმცა, როგორც გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტი საკუთარ ვებგვერდზე წერს, მსგავსი სამეცნიერო კვლევები ექსპერიმენტულ პირობებში ტარდება, ამიტომაც ისინი ნაკლებად რეპრეზენტატიულია იმის დასადგენად, რა რისკები არსებობს ყოველდღიურ ცხოვრებაში ვირუსით დაინფიცირებისთვის.

ახლა ჰეინსბერგი კიდევ ერთი ექსპერიმენტის ჩატარების ადგილი გახდება, რომელიც ვირუსის გავრცელების და მისი შეკავების შესაძლებლობის შემდგომი სიღრმისეული შეფასებისთვის ჩატარდება. ექსპერიმენტი რეპრეზენტატიული შერჩევის გზით 1000 კაცზე ჩატარდება.

“ამ უფრო დეტალური კვლევის შედეგები შეიძლება გამოდგეს რეკომენდაციების საფუძვლად ლოქდაუნებიდან ქვეყნების გამოსასვლელი ნაციონალური სტრატეგიების შესამუშავებლად“– ამბობს სტრიკი.

მნიშვნელოვანია ამ მონაცემების მიღება, რათა დავრწმუნდეთ, რომ გადაწყვეტილებები ფატებზე დაფუძნებით მიიღება და არა ვარაუდებზე. ეს მონაცემები უნდა გახდეს საბაზისო ინფორმაცია მთავრობისთვის, რათა მათ შეძლონ მოქმედებების შემდგომი გეგმის და კურსის შემუშავება. – ამბობს ის.

სტრიკის აზრით ჰეინსბერგი იდეალური სიტუაციაა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების გასაცემად მთელი დანარჩენი გერმანიისთვის, შესაძლოა მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვისაც კი.

რაც შეეხება ამჟამად მიღებულ ზომებს, ის თვლის, რომ მნიშვნელოვანია ზოგიერთი ზომის შედეგების პოტენციური ნეგატიური ზეგავლენის გათვალისწინება:

“ადამიანებმა შესაძლოა სამსახური დაკარგონ. შესაძლოა ვეღარ გადაიხადონ ბინის ფული, სადაც ცხოვრობენ. სახლში დიდხანს გამოკეტვამ კი ჩვენი იმუნური სისტემის დასუსტება შეიძლება გამოიწვიოს.“

მისი თქმით, მიზანი ვირუსის სრული შეკავება არ არის, არამედ ის, რომ ვიცოდეთ სად გადის ჩვენი საავადმყოფოების შესაძლებლობების ზღვარი. რამდენი ინფიცირებული იქნება მეტისმეტად ბევრი ჯანდაცვის სისტემისთვის და რას ამბობენ ამაზე ინტენსიური თერაპიის ექიმები.

 

“მნიშვნელოვანია დავიწყოთ  უკანდახევის სტრატეგიაზე ფიქრი“ – ამბობს ის და იმედი აქვს, რომ შეძლებს შესაბამისი ფაქტების დადებას, რათა ადამიანებს ქონდეთ სწორი გადაწყვეტილებების მიღების კარგი საფუძველი.

სავარაუდოდ Covid19-ის “ ჰაინსბერგის თემატური კლასტერული კვლევის“ საბოლოო შედეგები მომავალი კვირისთვის იქნება მზად.