დადგება დრო, როცა გვექნება ჭარბი ვაქცინა – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში დადგება, დრო, როდესაც ჭარბი ვაქცინა გვექნება.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, უნდა დადგეს თუ არა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის დაგვიანება, გაბუნია ამბობს, რომ ეს ყველა ჩართული მხარის პასუხისმგებლობაა.

“ძალიან ცუდია, რომ იმის ნაცვლად, რომ ვაქცინაციის პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს, პოლიტიკური სპეკულირების საგანი გახდა. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროცესის დაწყება არის მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ყველა იმ უწყების პასუხისმგებლობა, ვინც ჩართულია ამ პროცესში.

მაქსიმალურად ყველა შესაძლო გზა არის ნაცადი და გამოყენებული იმისათვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს დროულად. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეფასდება და დადგება ის დროც, როცა ჩვენ გვექნება ჭარბი ვაქცინა და შემდეგ იმაზე ვილაპარაკებთ, როგორ უნდა მოვახერხოთ ამ ვაქცინის სწორი და დროული გამოყენება. მაგრამ დღეს, ძალიან ცუდია, რომ ვაქცინა გახდა პოლიტიკური ზეწოლის საგანი, რაც, რა თქმა უნდა, სრულად აზარალებს და არაფერს მატებს ამ პროცესს”,– ამბობს გაბუნია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.