დადგენილი რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი უფრო გამკაცრდება – მთავრობა

საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრის შემდეგ დადგენილი რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი კიდევ უფრო გამკაცრდება. ამის შესახებ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ქვეყანა ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენების სტრატეგიას და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება.

ამ დროისთვის ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 73 154
  • გამოჯანმრთელებულია –  55 511
  • გარდაცვლილია – 636
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 2 447
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 413
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 957
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი.