გამყრელიძე: დადებითობის მაჩვენებელი დღეს ბოლო 3 თვის განმავლობაში ყველაზე ნაკლებია – 3,5%

დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში, დღეს კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია და 3.5%-ს შეადგენს.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინფექციის ცირკულაციის მაჩვენებელი ქვეყანაში მცირდება.

“კლების დინამიკა ახალი შემთხვევების გრძელდება და 669 ინფიცირებული გამოვლინდა ჩატარებული 19 311 ტესტიდან ბოლო 24 საათში. ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი დღეს არის ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე ნაკლები – 3,5%.

ბოლო 7 დღეში გვაქვს 4,7%, ბოლო 14 დღეში – 5,8%. ბოლო 14 და 7 დღეს განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ სტაბილიზაციის თვალსაზრისით. ზოგადად, იანვარში არის 8% და ბოლო 30 დღის განმავლობაში 8,4%”,– ამბობს გამყრელიძე.

მისივე თქმით, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ კლების მაჩვენებლები შევინარჩუნოთ.

ცნობისთვის, მთავრობა აცხადებს, რომ 7 დღის განმავლობაში თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%–ზე ჩამოვა, შეზღუდვების დროზე ადრე მოხსნაზე იმსჯელებენ.