დაველოდოთ, დასკვნას გავაკეთებთ 15 იანვრისთვის – გაბუნია შეზღუდვების შემსუბუქებაზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია ჯერჯერობით დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

მისი თქმით, 2 კვირის განმავლობაში ვითარებას დააკვირდებიან და შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

“შეზღუდვების გაგრძელდებასთან დაკავშირებით ჩვენ მოგვიწევს კიდევ დავაკვირდეთ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციას. 1 800 შემთხვევა დღეს, 2 000-ზე მეტი შემთხვევა გუშინ, ეს მიუთითებს იმას, რომ შემთხვევების გავრცელება არის საკმაოდ აქტიური. ანუ ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს არც დამშვიდების და არც მოდუნების საფუძველი. კი, განახევრდა შეზღუდვების ფონზე შემთხვევების რიცხვი, მაგრამ ძალიან საყურადღებოა ასევე დადებითობის მაჩვენებელი, რაც არის 11% და მეტი.

დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს იმას, თუ რამდენი ვლინდება კოვიდით, როდესაც ხდება გამოკვლევა პირების. ეს მაჩვენებელი 5%-ზე მაღალი როცა არის, ეს ნიშნავს, რომ გავრცელება არის საკმაოდ ინტენსიური, შეიძლება უფრო მეტი ადამიანია ინფიცირებული, ვიდრე ჩვენ დღეს ტესტირების შედეგად ვავლენთ. ამდენად ეპიდსიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა და მომდევნო ორი კვირაც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით გარკვეულ შემსუბუქებაზე საახალწლო დღეებში, გვაქვს იმის მოლოდინი, რომ შესაძლოა 10 იანვრის შემდეგ გარკვეული მატება ამანაც გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, დაველოდოთ და დასკვნას გავაკეთებთ 15 იანვრისთვის,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელიც 2020 წლის 26 ნოემბერს გამოიცა, 2021 წლის 16 იანვრიდან უნდა აღდგეს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა, თუმცა შაბათ-კვირის გარდა. ვინაიდან 16 და 17 იანვარი შაბათ-კვირაა, მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსების მუშაობა 18 იანვრიდან უნდა განახლდეს.