ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველში რუსეთის დაახლოებით 20-25 ათასი მოქალაქე შემოვიდა. მისი აზრით, ეს დიდი რაოდენობა არ არის.
“რიცხვები, თუ არ ვცდები, არის 20-25 000 ადამიანი. ეს არის დაახლოებით ის რანგი, რაც იყო 2020 წელს, ანუ ვიდრე პანდემიამდე შეზღუდვა გვექნებოდა. შედარება არ არის 2021 წელთან, რადგან დაკეტილი იყო ყველანაირი მიმოსვლა, იყო მკაცრი იზოლაციის რეჟიმი პანდემიიდან გამომდინარე. 2020 წელს დაახლოებით იგივე რანგია ასე, რომ საუბარი იმაზე, რომ დიდი რაოდენობით ადამიანები საქართველოში ჩამოდიან და ეს რისკებისშემცველია, ეს ასე არ არის”, — ამბობს ის.
დავითაშვილმა აღნიშნა, რომ თუკი ადამიანები რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, ეროვნების მიუხედავად, კანონიერად მიეცემათ საქმის კეთების საშუალება.
“ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს – საქართველო არის ერთ-ერთი თავისუფლების კუნძული რეგიონში, რომელიც არის ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის საინტერესო იმ კუთხით, რომ ადამიანებმა თავისუფალ რეალობაში შეძლონ საქმის კეთება”,– განაცხადა მინისტრმა.