დაიცავით ნიკოლოზ ბასილაშვილი, ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია – ადვოკატი ომბუდსმენს

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა სახალხო დამცველს მიმართავს და სპორტსმენის დაცვას ითხოვს. ჭკადუას თქმით, უფლებადამცველები არღვევენ უდანაშაულობის პროზუმფციას.

“ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ უფლებადამცველებს ცალსახად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და კონსტიტუციურ უფლებას, ვინაიდან, არცერთ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი გახლავთ მოძალადე ან დამნაშავე. მინდა, მივმართო სახალხო დამცველს, რომ მან დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი ბატონი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია. მის მიმართ გამოყენებულ იქნა არაერთხელ სიძულვილის ენა.

ის რომ ეს ადამიანი გახლავთ ბრალდებული, ეს არ ნიშნავს, რომ მას არ აქვს უფლება, მიიღოს ამა თუ იმ პროფესიულ საქმიანობაში მონაწილეობა. ადამიანი, რომლებიც ცდილობენ, იმიჯი შეულახონ ბატონ ნიკოლოზ ბასილაშვილს, ისევე როგორც ქვეყანას, მერწმუნეთ, რომ თავად დარჩებიან მხოლოდდამხოლოდ გაწბილებულები”,– ამბობს ჭკადუა მთავარ არხთან საუბრისას.