დალუქვით ვერ გამაჩერებენ, მოუწევთ დაპატიმრება – ბარი “ჯაფარასთან” დღესაც გაიხსნა

ზურა ჯაფარიძემ ბარი დღეს 19:00 საათზე ისევ გახსნა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ შრომის ინსპექცია ბარს დალუქავს, ლუქს ახსნის და ბარი მუშაობას გააგრძელებს.

ჯაფარიძე აცხადებს, რომ ის მანამდე იმუშავებს, ვიდრე მანდატს მოუხსნიან და დააპატიმრებენ.

“ბარი გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას, ეს არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი. გუშინ გამაფრთხილეს, რომ იქნებოდა სისხლის სამართლის საქმე აღძრული, როდესაც ეს ბარი გავხსენი ვთქვი, რომ იმუშავებდა ბოლომდე, ვიდრე მე არ დამიჭერენ. თუ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ, უნდა მიმართონ პარლამენტს და მოსთხოვონ უფლებამოსილების გაუქმება, რაც მე მანამდე თავად გავაკეთე და უარი მითხრეს. თუმცა, გუშინდელი დღის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა დაუყონებლივ უნდა დაიწყოს უფლებამოსილების გაუქმება, კომერციული საქმიანობა მეკრძალება და ამ საქმიანობის გამო დამაჯარიმეს. დალუქვით ვერ გამაჩერებენ, ავხსნი ლუქს და მაინც გავხსნი ბარს, მოუწევთ ნებისმიერ შემთხვევაში დაპატიმრება”, – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

“გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ბარი დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად გუშინ გახსნა. ის აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო შრომის ინსპექციამ 2000 ლარით დააჯარიმა, თუმცა გირჩის ლიდერი ჯარიმის გადახდას არ აპირებს. მისივე თქმით, განმეორებითი შემთხვევა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.