დაოჯახებულ ქალთან სექსუალური კავშირის გამო, მარნეულში კაცი ბოძზე მიაბეს

მარნეულში, სოფელ კაპანახჩში კაცი ბოძზე მიაბეს და მშობლების მისვლამდე ამ მდგომარეობაში დატოვეს.ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, კაცს დაოჯახებულ ქალთან ჰქონდა სექსუალური კავშირი, რასაც ქალის მამამთილი შეესწრო. ამის შემდეგ კაცი გაკოჭეს და შურისძიების მიზნით ბოძზე მიაბეს. კაცი ბოძზე მიბმული მისი მშობლების მოსვლამდე იყო. ქალის მამამთილს კი გული გაუსკდა და გარდაიცვალა.

სათემო რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, მამაკაცი რომელიც ბოძზე მიაბეს, მომხდარის შესახებ პოლიციას მიმართა და 8 ადამიანი დააკავეს.  20 ივლისს მათი გათავისუფლების მოთხოვნით სოფელში აქცია გაიმართა.

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ თუ პოლიციაში წაყვანილ პირებს სახლში არ გაუშვებენ, აქციას პარლამენტის წინ გამართავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაპანახჩში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სამინისტროს პრეს-სამსახურში განმარტავენ, რომ სამართალდამცველებს ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.