დასავლეთმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, შეთანხმება მათთან დავდეთ – კობერიძე

გირჩი – მეტი თავისუფლების ერთ-ერთი ლიდერის, ცოტნე კობერიძის განცხადებით, შარლ მიშელის ხელშეკრულების შესრულება ოპოზიციამ ცალმხრივად არ უნდა გააგრძელოს.

“ჩემი აზრით, პარლამენტი ცხადად უნდა დატოვონ იმ ოპოზიციონერებმა, ვინც ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. სისულელეა, ცალმხრივად გავაგრძელოთ ამ ხელშეკრულების შესრულება. [ბოიკოტზე] მსჯელობა უეჭველად მოგვიწევს, ეს საკითხი დგას დღის წესრიგში”,– ამბობს ის “ფორმულასთან” საუბრისას.

კობერიძის თქმით, გირჩი – მეტი თავისუფლება ოცნების სიტყვას არ ენდობოდა, რის გამოც შეთანხმება დასავლეთთან დადო, ამიტომ პარტნიორებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და ხელისუფლებას სანქციები დაუწესონ.

“საერთოდ რამეს აზრი აქვს თუ არა, მათ შორის, დამოკიდებულია დასავლელი პარტნიორების რეაქციაზე. სანქციები უნდა იყოს ცხადად და კონკრეტულ პიროვნებებთან მიმართებით, ვინც ხელმომწერები არიან, იმ ადამიანებს ვგულისხმობ. დასავლეთმა ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ენის მოჩლექის გარეშე თქვას, რომ ქართული ხელისუფლება არ იქცევა, როგორც დასავლური ხელისუფალი”,– აღნიშნა კობერიძემ.

ცნობისთვის, ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. მმართველი პარტიის განცხადებით, რიგგარეშე არჩენების დანიშვნა მათ “კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული.