დასანქცირებული რუსი ოლიგარქის იახტა აუქციონზე გაიყიდება

სუპერიახტა  Axioma, რომელიც რუსეთის ფოლადის კომპანია ТМК–ს დამფუძნებელს, დმიტრი პუმპიანსკის ეკუთვნის, გიბრალტარის სასამართლოს გადაწყვეტილებით აუქციონზე გაიყიდება, ფული კი ამერიკულ ბანკს გადაეცემა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთმა პუტინზე დამოკიდებული რუსი მილიარდერების და ჩინოვნიკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა, მათთან დაკავშირებული რამდენიმე სუპერიახტა კი დააპატიმრეს, თუმცა დღემდე არცერთი მათგანი აუქციონზე არ გაუყიდიათ.

72.5 მეტრიანი იახტის ღირებულება 75 მილიონ ოდლარად ფასდება, თუმცა სავარაუდოდ მას აუქციონზე უფრო იაფად გამოიტანენ.

აუქციონისთვის მხოლოდ ერთი დღე – უახლოესი სამშაბათია გამოყოფილი, გაყიდვის ინიციატორი კი ამერიკული ბანკი JP Morgan, რომელსაც სამჯერ ნაკლები თანხაც აკმაყოფილებს.

ბანკმა დაარწმუნა გიბრალტარის სასამართლო იახტა გაეყინა 20 მილიონი დოლარის ვალის დასაფარად, რომელიც პუმპიანსკის ბანკის წინაშე მართებს.

Axioma 2013 წელს აშენდა და თავიდან Red Square ერქვა. პუმპიანსკი იახტას ნებისმიერ მსურველზე კვირაში 549 ათას ევროდ აქირავებდა.

ასე გამოიყურება იახტა.

პუმპიანსკი ევროკავშირის, ბრიტანეთის და აშშ–ს სანქციების სიაში მოხვდა. ის მაშინვე გავიდა მეტალურგიული კომპანიის დირექტორთა საბჭოდან და ბენეფიციართა რიგებიდან. ანალოგიურად მოიქცა ბევრი რუსი მილიარდერი.

აქტივისტები მოუწოდებენ იმ ქვეყნების ხელისუფლებებს, სადაც რუსების იახტები დააპატიმრეს, გაყიდონ იახტები, ფული კი უკრაინელი ლტოლვილებისთვის დაიხარჯოს, რომლებიც რუსულ ბომბებს და ოკუპაციას გაექცნენ. ამასთან, ყოველი დაპატიმრებული იახტის შენახვა ასობით ათასი ევრო ჯდება, და ამ ფულს ახლა არა დასანქცირებული მფლობელები, არამედ დასავლელი გადასახადის გადამხდელები იხდიან.