“დატოვეთ მარტო, ერთმანეთის პირისპირ” – “სირცხვილიას” განცხადება მოსამართლეთა დანიშვნაზე

მოძრაობა “სირცხვილია” პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრების პროცესზე განცხადებას ავრცელებს.

“2021 წლის 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭი უყარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებს. კენჭისყრაში საბჭოს შემადგენლობის 15 წევრიდან 12 წევრი მონაწილეობდა (ნაზი ჯანეზაშვილმა პროტესტის ნიშნად არ მიიღო საბოლოო შეფასება-კენჭისყრაში მონაწილეობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, შოთა ქადაგიძეს მარტში ამოეწურა უფლებამოსილების ვადა, ხოლო ყოფილი მოსამართლე წევრი, ირაკლი შენგელია აცილებული იყო პროცესს). საბოლოოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი წარედგინა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი არის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილ დოკუმენტში, რომელშიც მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს, არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილებამდე.

მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიერ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების მიუხედავად, “ქართული ოცნება” და მასთან პოლიტიკურ გარიგებაში მყოფი მოსამართლეთა ე.წ. კლანი აგრძელებს სასამართლო ხელისუფლების მიტაცებისა და დამორჩილების პროცესს.

19 აპრილის შეთანხმების მიუხედავად, სასამართლოს ე.წ. კლანმა უკვე აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი თანამდებობაზე 4 წლის ვადით. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მოქმედი მოსამართლეების უვადო გადანიშვნის და ახალი მოსამართლეების დანიშვნის შესახებ. ეს გარემოებები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ბოლო პერიოდში სასამართლოს ყველა რგოლის დაკომპლექტების ინტენსიური და მასშტაბური პროცესი მიმდინარეობს.

ამის ფონზე მმართველი პარტიის განცხადებებიდან იკვეთება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრებისა და დანიშვნის პროცესის შეჩერება არც საკანონმდებლო ორგანოს დონეზე იგეგმება.

შარლ მიშელის ინიციატივით შედგენილი დოკუმენტის უგულებელყოფა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესის საპარლამენტო სივრცეში გაგრძელება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველ პარტიას არ აქვს მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების პოლიტიკური ნება.

უზენაეს სასამართლოში დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობებზე მოსამართლეთა არჩევა ამწვავებს სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისს, ამცირებს მის მიმართ მოქალაქეთა ნდობის ხარისხს და მომავალი ათწლეულების განმავლობაში საფრთხის წინაშე აყენებს მართლმსაჯულების რეფორმის პერსპექტივას.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს ოპოზიციიდან, სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს:

არ მიიღონ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის პროცესში, ღიად გაემიჯნონ პროცესს და არ მისცენ საშუალება “ქართულ ოცნებას”, კოსმეტიკურად შეალამაზოს კანდიდატების არჩევის პროცესი.

გარდა ამისა, ყველასათვის ცხადია, რომ მმართველი ძალა წლებია მხარს უჭერს მოსამართლეთა ე.წ. კლანს, რაც გამოიხატება არა მხოლოდ მათთვის ხელსაყრელ საკანონმდებლო ცვლილებებში და ზოგადად პოლიტიკურ მხარდაჭერაში, ასევე მოსამართლეების არჩევაში. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის დეკემბერში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობებზე 14 მოსამართლე გაამწესა უვადოდ, მიუხედავად იმისა, რომ შერჩევის პროცესში დაფიქსირდა სერიოზული დარღვევები.

მოვუწოდებთ საპარლამენტო ოპოზიციას, რომ მხედველობაში მიიღონ სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობა, რაც ხელისუფლებისა და მოსამართლეთა ე.წ. კლანის პასუხისმგებლობის საკითხია და დატოვონ ისინი მარტო, ერთმანეთის პირისპირ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ეს პროცესი არ ემსახურება კანდიდატების კვალიფიკაციისა და მათი კეთილსინდისიერების შემოწმებას, ამიტომ პროცესში მონაწილეობით ნუ შექმნით დემოკრატიის იმიტაციას.”-აცხადებს “სირცხვილია”.