დაუყოვნებლივ შეუშვით ომბუდსმენის წარმომადგენლები პანსიონში – ISFED საპატრიარქოს

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) აცხადებს, რომ ამ დრომდე, სახელმწიფოსგან არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები ნინოწმინდის პანსიონატში მყოფ ბავშვთა დასაცავად და გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების აღსასრულებლად.

ორგანიზაციას მიუღებლად მიაჩნია ბავშვთა ყოფნა იზოლაციაში და სახალხო დამცველის წარმომადგენელთა დაუშვებლობა მათთან. მათი თქმით, პრობლემას წარმოადგენს აგრეთვე მსგავსი მასშტაბის ინსტიტუციის არსებობა, რაც მოძველებულ, ბავშვთა უფლებების დამრღვევ მიდგომას წარმოადგენს და არ შეესაბამება ამ სფეროს თანამედროვე სტანდარტებს.

“სამართლიანი არჩევნები“ მიესალმება 5 ივნისს, PHR-ის შუამდგომლობის საფუძველზე,  თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია ის საფრთხე, რომელიც დაწესებულებაში ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით არსებობს და სახელმწიფო უწყებებისგან დროულ ჩარევას მოითხოვს. მართალია, განჩინება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ეხება, მაგრამ  სასამართლომ საფრთხის შემცველად შეაფასა პანსიონში არსებული ზოგადიმდგომარეობა.

აგრეთვე, სახალხო დამცველის შეფასებით, პანსიონში არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება  არასრულწლოვანთა ინტერესებს და არსებულ სტანდარტებს, და, ასევე, საფრთხის შემცველია  ბავშვებისთვის ძალადობისგან დაცვის, სრულფასოვანი განვითარების, სოციალიზაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების კუთხით. ამ ფონზე, განსაკუთრებით, სამწუხაროა, საპატრიარქოს მიერ განჩინების გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილების მიღება”,– აცხადებს ISFED.

სამართლიანი არჩევნების განცხადებით, სახალხო დამცველს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, ადმინისტრაციის დასწრების გარეშე, რათა შეძლოს ბავშვებთან უსაფრთხო გარემოში ურთიერთობა და მათი მდგომარეობის შეფასება.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს:

საქართველოს საპატრიარქოსა და პანსიონის ადმინისტრაციას  – დაუყოვნებლივ შეუშვას სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაწესებულებაში და შეწყვიტოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესის უგულებელყოფა, მათი სტრესულ მდგომარეობაში ჩაყენება და ამის ამსახველი ვიდეოების გასაჯაროება. ასევე, შეწყვიტოს ბავშვების გაყვანის პროცესის ხელშეშლა;

სამართალდამცავ უწყებებს – დაუყოვნებლივ მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მიმდინარე გამოძიებისა და მისი შედეგების შესახებ;

ახელმწიფო – უარი თქვას ამ ტიპის ბავშვთა სახლებზე და დაუყოვნებლივ დაიწყოს პანსიონში მყოფი ყველა ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ან მინდობით აღზრდაში გადაყვანის პროცესი, თუ ეს დროულად ვერ ხერხდება, პრიორიტეტი მიანიჭოს მცირე, საოჯახო ტიპის სახლებს;

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს – გადატანილი სტრესის  გათვალისწინებით, სასწრაფოდ შემუშავდეს ბავშვთა ფსიქოლოგიური და, საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, სხვა ტიპის დახმარების პროგრამები და დაიწოს მათი რეაბილიტაციის პროცესი”,– წერია ISFED-ის განცხადებაში.