“დაწესდეს ქართული ღვინის დღე” – ზურაბიშვილის ინიციატივა

საქართველოს პრეზიდენტი ღვინის დღის დაწესების ინიციატივით გამოდის.

“იდეა არის დაწესდეს ქართული ღვინის ერთი დღე, რადგან ის მართლაც უნიკალურია საქართველოსთვის. ქვევრის ღვინო ევროპაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ზოგი მას ფორთოხლის ღვინოს უწოდებს. ეს დღე შეიძლება ძალიან მიმზიდველი იყოს სტუმრებისათვის. ვფიქრობ, ასეთი ტიპის პრომოციაში მონაწილეობის კუთხით პრეზიდენტს თავისი როლი აქვს.

მსურს, ერთი პრიზი დაწესდეს წლის საუკეთესო ქვევრის ღვინისთვის და ცალკე პრიზი წლის საუკეთესო ქალი მეღვინესათვის. უფრო და უფრო მეტი ქალი ერთვება ღვინის ინდუსტრიაში, რაც ძალზედ სასიხარულია და საქართველოს კულტურულად უფრო მიმზიდველს ხდის”,– თქვა ზურაბიშვილმა Forbes-სთან ინტერვიუში.

მისივე განცხადებით, ყველგან იქნება, სადაც ქართულ ბიზნესს მხარდაჭერა დასჭირდება.

„მე ვარ ყველგან, სადაც ჩემი ყოფნა საჭიროა. პრეზიდენტის მოვალოებაა ხელი შეუწყოს ქართული კულტურის, სპორტისა და ბიზნესის განვითარებას ქვეყნის გარეთ. მე მზად ვარ ამ პროცესებში ჩართულობისთვის, რადგან ვფიქრობ, რომ ჩემი, როგორც პრეზიდენტის ჩართულობა პოპულარიზაციის პროცესს კიდევ ერთ განზომილებას მატებს, რომელიც არ არის წმინდად კომერციული.

ამ მხრივ ჩემი კონტაქტების გამოყენება არის არა მხოლოდ ჩემი უფლება, არამედ ჩემი მოვალეობა. ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობაა, წარმოვადგინო ქვეყნის სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ნაწილები. მივმართავ ქართულ ბიზნესს – სადაც მათ დასჭირდებათ, იქ ვიქნები”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.