დახმარება რუკების მოძიებაში ივანიშვილმა მთხოვა – დავით ხიდაშელი

“თავდაპირველად დახმარება რუკების მოძიებაში ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა”- ბიზნესმენი დავით ხიდაშელის ახალ ჩვენებაში აცხადებს რომ 2019 წლის სექტემბერში ბიძინა ივანიშვილი დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა. ჩვენება დღეს გასაჯაროვდა.

“სატელეფონო საუბარში ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის სახლემწიფო საზღვრის საკითხებთან დაკავშირებით არსებობდა პრობლემა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავხმარებოდი შესაბამისი რუკების მოძიებაში, ვინაიდან მან იცოდა, რომ მე უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ვიყავი დაკავებული კარტოგრაფიული საქმიანობით. ჩვენი საუბარი იყო მხოლოდ ზოგადი  ხასიათის, შესაბამისად, ჩემთვის უცნობი დარჩა კონკრეტულად რა საარქივო მასალის მოძიება იყო საჭირო”- ვკითხულობთ ხიდაშელის ჩვენებაში.

ხიდაშელმა გამოკითხვის დროს გამოძიებას არ უთხრა, რომ თავდაპირველად რუკების მოძიებაში დახმარება ივანიშვილმა მას სთხოვა.

“გამოძიებისთვის არ განმიცხადებია, რომ თავდაპირველად დახმარება რუკების მოძიებაში ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს ჩემთვის ირაკლი ღარიბაშვილის საკონტაქტო მონაცემების გარდა არაფერი უცნობებია და ვთვლიდი, რომ აღნიშნულ საკითხს გამოძიებისთვის არავითარი სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს” – წერია დავით ხიდაშელის ჩვენებაში.