დეგანანი: მმართველ პარტიას მოუწევს ოპოზიციის მოსაზრებების გათვალისწინება

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ ახალი შეთანხმების შემდეგ გაჩნდა შანსი, რომ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმები განხორციელდეს და გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო.

მისი თქმით, ქართულ ოცნებას მოუწევს ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებების გათვალისწინება.

“ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ამ პროცესში იმის ნახვა, თუ როგორ სწავლობდნენ პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთთან მოლაპარაკებას, ბევრი მათგანი მანამდე ერთმანეთს არ იცნობდა, თუმცა, შეძლეს და იმუშავეს საკმაოდ რთულ საკითხებზე.

რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა კვლავაც რჩება, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ პოლიტიკურ ლიდერებს შეუძლიათ ამ საკითხებზე ღიად მსჯელობა, ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა მნიშვნელოვანია ასევე, რომ პარლამენტში გაგრძელდეს ეს სამუშაო. ახლა ოპოზიცია უკვე არის პარლამენტში და მმართველ პარტიას მოუწევს გაითვალისწინოს ოპოზიციის მოსაზრებები, სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებები და მხოლოდ საკუთარი დღის წესრიგი არ წარმოადგინოს პარლამენტში”,- ამბობს კელი დეგნანი.