დედოფალმა ელისაბედმა ბრიტანელებს სიტყვით მიმართა

კვირას საღამოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ ნაციას სპეციალური სიტყვით მიმართა. მან ხაზი გაუსვა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში თვითდისციპლინის და სიმამაცის მნიშვნელობას.დედოფალმა ისაუბრა დანაკარგზე და ტკივილზე, ადამიანების ტანჯვაზე და ფინანსურ პრობლემებზე, რაც ამ რთულ დროს ბრიტანელებს ერგოთ წილად.

მან მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის და სხვა საკვანძო სფეროების თანამშრომლებს თავდადებისთვის და ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც საზოგადოების ყოველ წევრს ეკისრება.

მისი მიმართვა რადიოთი, ტელევიზიით და სოციალური ქსელებით ბრიტანეთის დროით 20 საათზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, თუმცა მიმართვა წინასწარ იყო ჩაწერილი:

“მე მოგმართავთ უკიდურესად რთულ დროს. იმ დროს, როცა დარღვეულია ჩვენი ქვეყნის ნორმალური ცხოვრება: ვიღაცისთვის ეს უკვე იქცა უბედურებად, ბევრისთვის ფინანსური სირთულეების დროა, ჩვენს ჩვეულ ცხოვრებაში კოლოსალური ცვლილებები ყველა ჩვენგანს შეეხო. იმედი მაქვს, მომავალში ყველა შეძლებს იამაყოს იმით, როგოორ შევხვდით ამ სიძნელეებს. ისინი კი, ვინც ჩვენს შემდეგ მოვლენ იტყვიან, რომ ბრიტანელების ეს თაობა ისეთივე ძლიერია, როგორც ყველა წინა. ისეთი თვისებები, როგორიც არის თვითდისციპლინა, სიმშვიდე, სიმტკიცე, ახლობლისადმი თანაგრძნობა კვლავ არსებობს ჩვენს ქვეყანაში“– თქვა დედოფალმა.

დედოფლის მიმართვა უინძორის სასახლეში ჩაიწერა, სადაც 93 წლის მონარქი თვითიზოლაციაში იმყოფება. გადაღებას ერთადერთი ვიდეოოპერატორი ესწრებოდა დამცავ სამოსში. მთელი გადამღები ჯგუფი ამ დროს  სხვა ოთახში იმყოფებოდა.