დედოფლის პლატინის იუბილე: ბუკინგემის სასახლემ საზეიმო ღონისძიებების გეგმა გამოაქვეყნა

ბუკინგემის სასახლემ გამოაქვეყნა სრული სია საზეიმო ღონისძიებებისა, რომლებიც დედოფალ ელისაბედ მეორეს  ტახტზე ასვლის 70 წლიანი იუბილეს აღსანიშნავად წელს გაიმართება.

სიაში სხვა ღონისძიებებს შორის არის ქუჩის საღამოები, კონცერტი მსოფლიოს უდიდესი ვარსკვლავების მონაწილეობით და იმ სახლების დათვალიერების შესაძლებლობა, სადაც დედოფალი ცხოვრობს.

ზეიმის კულმინაცია დიდ ბრიტანეთში 2–დან 5 ივნისამდე პერიოდის უქმე დღეებად გამოცხადება იქნება.

ზეიმი ორშაბათს, 10 იანვარს დაიწყო კონკურსით, რომლის მიზანი დედოფლის იუბილეს აღსანიშნავად ახალი პუდინგის გამოგონებაა.

გამარჯვებულ რეცეპტს ყველა მსურველისთვის გამოაქვეყნებენ. ამ რეცეპტით დამზადებული პუდინგები კი საზეიმო დღეებში საზოგადოებრივი სადილებისთვის გამოცხვება.

6 თებერვალს დედოფალი ბრიტანეთის ისტორიაში პირველი მონარქი გახდება, რომელმიც სამეფო ტახტზე ყოფნის  ე.წ. პლატინის იუბილეს აღნიშნავს.ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო დედოფლის მმართველობის 70 წლის იუბილეს პირველად აღნიშნავს. სამეფოს ისტორიაში ყველაზე ახლოს ამ მიჯნასთან დედოფალი ვიქტორია მივიდა, რომელმაც ტახტზე 63 წელი გაატარა.

ამ შემთხვევის აღსანიშნავი ზეიმი მთელ წელს გაგრძელდება.

ისევე, როგორც დედოფლის ინტრონიზაციის ოქროს და ბრილიანტის იუბილეებზე, საზეიმო უქმე დღეების გამოცხადება წელსაც ივნისში გადაწყდა. ამ დროს მეტი შანსია ამინდი ნაკლებად წვიმიანი იყოს.

ჯერჯერობით უცნობია რომელ ღონისძიებებს დაესწრება თავად დედოფალი. ოქტომბერში საავადმყოფოში გატარებული ღამის შემდეგ ექიმებმა მას ურჩიეს რამდენიმე კვირა დაესვენა. საიუბილეო მოვალეობების უმრავლესობა სავარაუდოდ ოჯახს გადაეცემა, მათ შორის დედოფლის ვაჟს და ტახტის მემკვიდრეს, პრინც ჩარლზს და მის ცოლს.

ეს საიუბილეო ღონისძიებები პირველი საზემო ღონისძიებები იქნება, რომლებსაც დედოფალი ქმრის, პრინცი ფილიპის გარეშე დაესწრება. ის გასული წლის აპრილში გარდაიცვალა.

საზეიმო ღონისძიებების გრაფიკი ასე გამოიყურება:

12–დან 15 მაისამდე 500–ზე მეტი ცხენი და 1000–ზე მეტი არტისტი მიიღებს მონაწილეობას უინძორის სასახლეში 90 წუთიან შოუში. შოუ ქვეყნის ისტორიას წარმოადგენს ელისაბედ პირველის დროიდან დღემდე.

2 ივნისს, უქმეების პირველ დღეს პირველად პანდემიის შემდეგ სამეფო აღლუმი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 1400–ზე მეტი ჯარისკაცი, 200 ცხენი და 400 მუსიკოსი. ბილეთები უკვე მომავალი კვირიდან გაიყიდება.

ამავე დღეს ბრიტანეთში ათასხუთასზე მეტი საიუბილეო შუქურა აინთება.

3 ივნისს წმინდა პავლეს ტაძარში დედოფლის მმართველობის პატივსაცემად სამადლობელი მსახურება გაიმართება.

4 ივნისს ბუკინგემის სასახლეში  პლატინის საღამო გაიმართება. მსურველებს შეუძლიათ განაცხადის გაგზავნა ცოცხალ კონცერტში მონაწილეობისთვის. შემსრულებელთა სახელები ჯერ უცნობია, თუმცა მოსალოდნელია, რომ კონცერტში რამდენიმე მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას.

5 ივნისს მთელ ქვეყანაში მოქალაქეები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ დიდ საიუბილეო სადილში, მთელი ქვეყანაში გაიმართება ქუჩის წვეულებები. ამავე დღეს გაიმართება კონკურსი: დიდი ბრიტანეთის 5 ათასზე მეტი მოქალაქე ბუკინგემის სასახლის წინ შეიკრიბება. დედოფლის პრეს სამსახურის ინფორმაციით საღამოზე წარმოდგენილი იქნება მდიდრული ცერემონიები, ქუჩის ხელოვნება, თეატრი, მუსიკა, ცირკი და უახლესი ვიზუალური ტექნოლოგიები.

ივლისში ბუკინგემის და უინძორის სასახლეებში, ასევე დედოფლის ჰოლირუდის რეზიდენციაში 3 ექსპოზიცია იქნება წარმოდგენილი, რომლებიც დედოფლის ტახტზე ასვლას, მის კორონაციას და იუბილეებს მიეძღვნება. გამოიფინება პორტრეტები, სამკაული და ტანსაცმელი.