“დევნილებისთვის!” – ხვალ ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართება

“დევნილებისთვის!” – ხვალ, 17 იანვარს, 19:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები არიან სამოქალაქო აქტივისტები და პარტია ლელოს წევრები.

,,წლებია სანატორიუმ ,,ქართლში” მცხოვრები დევნილები ითხოვენ ავარიული კორპუსიდან განსხალებას და ადეკვატური საცხოვრისით უზრუნველყოფას, რასაც მრავალი დაპირება და გადაგდება მოჰყვა. დღეს, 16 იანვარს 52 წლის დევნილმა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რა დროსაც კორპუსთან შეკრებილ დევნილებს მხოლოდ ერთი ფრაზა უთხრა: ,,იქნებ ჩემი სიკვდილის შემდეგ მოგაქციონ ყურადღება, ეს თქვენთვის!”.

შეუძლებელია მსგავსი დანაშაულებრივი ტრაგედიების შემდეგ მშვიდად გრძელდებოდეს ჩვენი ცხოვრება.

გელოდებით, ყველა მოქალაქეს, ყოველგვარი განსხვავებების, ატრიბუტიკის და იარლიყების გარეშე, როგორც რიგით მოქალაქეებს.

იმისთვის, რომ ეს ტრაგედია არ დარჩეს რიგით ტრაგედიად, ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა სიჩუმეზე და უსამართლობაზე, რაც ჩვენ გარშემო ხდება. აქციაზე არ იქნება ტრიბუნა და სიტყვით მიმართვა.

გელოდებით ჯანდაცვის სამინისტროსთან (დიდუბის მეტრო), 17 იანვარს, 19:00 საათზე”,– წერია აქციის აღწერაში.

ცნობისთვის, დღეს სანატორიუმ ქართლის მცხოვრებმა დევნილმა კაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა, ის შენობის სახურავიდან გადმოხტა. ამის შემდეგ სამინისტრომ განაცხადა, რომ “ქართლში” მცხოვრებ დევნილებს ბინებს უპირობოდ გადასცემენ.