დეკანოზი თადეოზი უნდა განიკვეთოს, წლებია შხამს ანთხევს ამბიონიდან – კობახიძე

თეოლოგი ბასილ კობახიძე დეკანოზ თადეოზ სარალიძის ქადაგებას ეხმიანება და ამბობს, რომ ის მრავალი წელია “შხამს ანთხევს ამბიონიდან”.

“საზოგადოებას საფრთხეს უქმნის არამხოლოდ დეკანოზ თადეოზ სარალიძის განცხადებები, საუბედუროდ, უამრავი მღვდელი ქადაგებს იმავეს. კონკრეტულად მამა თადეოზისთვის ეს პირველი ქადაგება არ არის, მრავალი წელია, ამ შხამს ანთხევს საეკლესიო ამბიონებიდან და უწამლავს ტვინს თავის მრევლს და არანაირი ღონისძიება საპატრიარქოს არ მიუღია. მამა თადეოზი ისევ იმეორებს, რომ უნდა მოკვდეს, თუ ის არ იქნება, რაღაც ჩარჩოებში, რომელიც მას მიაჩნია”,– ამბობს ბასილ კობახიძე ტვ პირველის ეთერში.

მისივე განცხადებით, ის ჭიათურაში “ჰიტლერულ და არმენოფობიულ პროპაგანდას” ეწევა.

“შემდეგ მრევლს ეუბნება, რომ რასაც პუტინისტურ პროპაგანდას მე გეუბნებით, წადით და ხალხში ილაპარაკეთ, რომ პუტინს საქართველო უყვარს, რომ რუსეთს და ჩვენ შორის კონფლიქტის გაღვივებას ცდილობენ სომხები და ებრაელები. მეტი რა გააკეთოს?! პირდაპირ ასრულებს რუსეთის სპეცსამსახურების დავალებას მრავალი წელია. მეუფე დანიელმა ახლა გაიგო?”,– აცხადებს ბასილ კობახიძე.

“არამარტო დეკანოზს, არამედ მიტროპოლიტ დანიელსაც უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, ხოლო დეკანოზი თადეოზ სარალიძე აუცილებლად უნდა განიკვეთოს. ასეთი სამღვდელოება არ სჭირდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას”,– აღნიშნავს ბასილ კობახიძე.

ცნობისთვის, დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ განაცხადა, რომ თუ ბავშვი “პატიოსანი და ეკლესიის ერთგული” არ არიან, ჯობია ის “პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს”.