დეკანოიძე არ იზიარებს სააკაშვილის აზრს, რომ სუს-ი ლგბტქ აქტივიზმითაც მანიპულირებდა

ენმ-ის  წევრი ხატია დეკანოიძე არ იზიარებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ 5-6 ივლისის აქციებზე სუს-ი “მანიპულირებლდა” როგორც ძალადობრივი ჯგუფებით, ასევე ლგბტქ+ აქტივისტებით.

დეკანოიძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მხოლოდ მოძალადეების მხარეს იდგა.

“ნამდვილად ვერ გავიზიარებ ამ განცხადებას. ის, რომ ფაშისტების მხარეს სუს-ი იყო მობილიზებული და ჰქონდათ კოორდინაცია, ამაში დარწმუნებული ვარ. ამას ადასტურებს ყველა ქსელში გამოქვეყნებული მათი მოწოდება, რაციებით სირბილი და ამას ადასტურებს ისიც, რომ აქტივისტები როგორ გადაადგილებოდნენ, ამაზე სუს-ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მანიპულირებდა როგორც ლგბტქ+ აქტივისტებით, ისე ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებით.