დემოკრატიის ფასადის უკან ოლიგარქია, თეთრი სახლისგან ქმედებებს ველი – ფუკუიამა

წამყვანი ამერიკელი პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ნიკა მელიას დაკავებასა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოს ჩრდილოვანი ოლიგარქი ჰყავს, რაც დემოკრატიისთვის კარგი არ არის.

“მე საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა ძალიან მაშფოთებს. დაკავება, რაც თქვენ აღნიშნეთ, ავტორიტარული პრაქტიკისკენ ვარდნის უკანასკნელი მანიფესტაციაა. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ფუნდამენტური პრობლემა ისაა, რომ მას კულისებს მიღმა ბატონი ივანიშვილი აკონტროლებს. დემოკრატიული სისტემისთვის კარგი არაა, როცა გყავს ჩრდილოვანი ოლიგაქრი, რომელიც დემოკრატიის ფასადის უკან რეალური ლიდერია.

ვფიქრობ, ამის შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური სივრცე ეტაპობრივად იზღუდება. და ახლა უკვე ამ სამწუხარო მოვლენებს ვხედავთ. ვგულისხმობ, რუსული გავლენის შემოსვლას, რაც ამ დაკავების ერთ-ერთ მოტივი იყო, და სასამართლო სისტემის აშკარა კურუფციას და ნეიტრალური არბიტრაჟის ნაცვლად, მის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას”,– ამბობს ფუკუიამა.

მისივე განცხადებით, ქართული პოლიტიკა არადემოკრატიული მიმართულებით მიდის.

“საქართველომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ისეთი რეფორმების გატარებაში მიაღწია წარმატებას, რომელიც რეგიონის სხვა ნაწილებში არ გვინახავს, მაგალითად – უკრაინაში, იქნება ეს კორუფციის აღმოფხვრის, თუ მომსახურების გაუმჯობესების კუთხით.

თუმცა, ვფიქრობ [ქართული] პოლიტიკა ახლა არადემოკრატიული მიმართულებით მიდის, რაც საფრთხეს უქმნის იმ პროგრესს, რასაც აქამდე საქართველომ მიაღწია. რეფორმა პოლიტიკური მოვლენაა და თუ ადამიანები [ხელისუფლებაში] პატივს არ სცემენ კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ ნორმებს, სხვა რეფორმები არ იმუშავებს. ამიტომ ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მთავრობამ ეს ნაბიჯი, რაც გადადგა, უკან წაიღოს და პატივი სცეს კანონის უზენაესობას”,– თქვა ფრენსის ფუკუამამ ამერიკის ხმასთან საუბრისას.

მანვე აღნიშნა, რომ თეთრი სახლიდან ქმედებებს ელის, რადგან ბაიდენი საქართველოში იმყოფებოდა და მას და მის ხალხს სიტუაცია კარგად ესმით. მიუხედავად ამისა, ფუკუაიამა ფიქრობს, რომ არსებული პრობლემები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.