დეპუტატის უარის შემთხვევაში, შეწყვიტოს ინტერვიუ – პარლამენტმა მედიისთვის ქცევის ახალი წესები დაადგინა

საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ორგანოში მედიისთვის ქცევის ახალი წესები დაამტკიცა.  პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტში მედიის საქმიანობის შესახებ ბრძანებას გამოსცემს. დოკუმენტი ჟურნალისტის აკრედიტაციის წესსა და საკანონმდებლო ორგანოში ქცევის წესებს განსაზღვრავს. პაპიაშვილის თქმით, “საქმიანობისა და ქცევის წესები” იმ მიზნით წესდება, რომ “უზრუნველყოფილი იყოს როგორც პარლამენტის, ისე მისი ვიზიტორებისთვის საქმიანი გარემო”.

“რაც შეეხება წესებს საქმიანობის, ესენი გახლავთ: ხელი არ შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას; წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტების, მისი ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს; არ დაუშვას მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება; დაემორჩილოს დაცვის და მანდატურის მითითებებს, აკრედიტაცია ატაროს გამოსაჩენად და არ გადასცეს სხვა პირს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იარსებებს ორი სახის აკრედიტაცია – საპარლამენტო ჟურნალისტისთვის და სპეციალური ერთდღიანი აკრედიტაცია იმ პირებისთვის, რომლებსაც პარლამენტში საქმიანობა დროებით დასჭირდებათ. ეროვნულ მაუწყებლებს ექნებათ 7 გადამღები ჯგუფის აკრედიტაციის შესაძლებლობა, სხვა ტელევიზიებს – 3, ონლაინგამოცემებს –  4, გაზეთებს/ჟურნალებს, რადიოს – 2. შალვა პაპუაშვილის თქმით, იგულისხმება როგორც რეპორტიორი, ისე ოპერატორი, ფოტოგრაფი ან “სხვა ტექნიკოსი, რომელიც ახორციელებს ამ საქმიანობას”.