დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ დღითიდღე უმძიმდება ოპოზიციას მდგომარეობა – კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ გარკვეულ საკითხზე მხარეები უკვე შეჯერდნენ, თუმცა, მთავარია ოპოზიციამ მოლაპარაკებები არ ჩაშალოს.

“ოპოზიციას გუშინაც დაუმძიმდა განწყობა ბორელის განცხადებების შემდეგ და მოაყოლეს ამას მთელი შტურმი ევროკავშირსა და დასავლურ ინსტიტუტებზე, ეს, რა თქმა უნდა, არ წაადგება მათ პოლიტიკურ პოზიციებს. დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან კარგი შეხვედრა, ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ და სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი. მთავარია, ოპოზიციამ რაღაც საბაბის მოძებნა არ დაიწყოს იმისთვის, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები. საინტერესო დისკუსია შედგა დღეს, განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, რაღაცებზე პოზიციები შეჯერებულია, თუმცა გრძელდება სხვა საკითხების განხილვა”,– თქვა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, ოპოზიციას მდგომარეობა დღითიდღე უმძიმდება.

“დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლიათ გითხრათ, რომ დღითიდღე უმძიმდება ოპოზიციას მდგომარეობა. გუშინ ეს საჯაროდაც ვიხილეთ ყველამ ერთად. ბორელის განცხადება ძალიან მძიმე დარტყმა იყო ოპოზიციისთვის. რაც ხდება კულისებში, ამაზე ვერ ვისაუბრებ დღეს”,– აღნიშნავს კობახიძე.