დიალეზი სჭირდებოდა და იქ მიიყვანეს, სადაც დიალეზს ვერ გაუკეთებდნენ! – ახალი დეტალები 12 წლის გარდაცვლილ კოვიდინფიცირებულ ბავშვზე

გუშინ, 16 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსით 12 წლის გოგონა გარდაიცვალა. მას თანმდევი ქრონიკული დაავადება ჰქონდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გოგონას ცალი თირკმელი არ ჰქონდა და მას დიალეზი ესაჭიროებოდა თუმცა ის კოვიდ ცენტრში გადაიყვანეს შემდეგ კი სხვა კლინიკაში გადაყვანა სცადეს სადაც შეიძლებოდა დიალეზის გადასხმა თუმცა მოზარდი გზაში გარდაიცვალა.

“12 წლის ბავშვი გარდაიცვალა, 12 წლის! დიალეზი სჭირდებოდა, ცალი თირკმელი არ ჰქონდა და კოვიდ ცენტრში წაიყვანეს! იქ მიიყვანეს, სადაც დიალეზს ვერ გაუკეთებდნენ!
მერე იმ კლინიკიდან, სადაც მიიყვანეს ბავშვი, რომელსაც დიალეზი სჭირდებოდა, მაგრამ არ ჰქონდათ, სცადეს გადაყვანა იმ კლინიკაში, სადაც დიალეზის გადასხმა შეიძლებოდა, მაგრამ უკვე გზაში დაეღუპათ! თქვენი დედაც, ვწყდებით თქვენი პროტოკოლით!
თქვენ შვილს რომ დიალეზი სჭირდებოდეს, კოვიდ ცენტრში წაიყვანდით და სიცხეს გაუზომავდით, ჩინოვნიკებო? მთელი ზაფხული გაფხორილები დადიოდით, გმირები ვართო და გმირებმა ცხელების ცენტრები და პოლიკლინიკები დახურეთ ზაფხულში, ინფექციური გადააგდეთ, ექიმები არ გადაამზადეთ, აღჭურვილობა არ შეიძინეთ! ყველა გეუბნებოდათ მძიმე შემოდგომა იქნებაო და თქვენ არჩევნებზე იზრუნეთ და საწოლებზე არა!

ზაფხულში ასეთი დაავადებების მქონე პირთა აღრიცხვა უნდა ჩაგეტარებიათ, ზეპირად უნდა გცოდნოდათ, სად, რამდენს დასჭირდებოდა დიალეზი, ინსულინი და ა.შ. რომ ეპიდაფეთქებისას ხალხი არ დაგეხოცათ! მინისტრმა თქვა, 20 ათასი არ დაიღუპებაო, არც ერთი დათვლით ეს რიცხვი არ მიგვიღიაო, ანუ, დათვლილი გაქვთ და იცით, რამდენი დაიღუპება? ეს 12 წლის ბავშვი შედის თქვენ რიცხვში, მინისტრო?”

ცნობისთვის, გუშინ ბათუმში კორონავირუსით 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ უწყება აღნიშნულ შემთხვევას ყურადღებით შეისწავლის.