დიანა ღურწკაიამ და სხვა რუსმა მომღერლებმა ლუკაშენკას უმღერეს

რუსმა და ბელარუსმა მომღერლებმა ბელარუსის პრეზიდენტ  ალექსანდრე ლუკაშენკოს მხარდასაჭერად მუსიკალური კლიპი ჩაწერეს. ლუკაშენკოს წინააღმდეგ თვეზე მეტია ქვეყანაში მასობრივი პროტესტი არ ცხრება.

მუსიკალური კლიპის სახელწოდებაა : “ძვირფასს არ თმობენ”.  სწორედ ეს ფრაზა გააჟღერა ლუკაშენკომ 4 აგვისტოს, ბელარუსი საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მძლავრ საპროტესტო მოძრაობამდე რამდენიმე დღით ადრე. სოციალურ ქსელში აღნიშნულ კლიპს და მის სახელწოდებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა რის შემდეგაც კლიპის მონაწილე შემსრულებლების  ნაწილმა უარყო, რომ სიმღერა ლუკაშენკოს მხარდასაჭერად ჩაიწერა.

კლიპი ბელარუსული ჯგუფის, “აურას” იუთუბ-არხზე გამოქვეყნდა. “ჩვენ აქ ვცხოვრობთ, აქ იცხოვრებენ ჩვენი შვილები სიყვარულითა და თანხმობით, მშვიდობიან გარემოში”, –  მღერიან ბელარუსი და რუსი მომღერლები.კლიპის ქვეშ დაკომენატარების ფუნქცია გათიშულია.

ალექსანდრე ლუკაშენკოს მხარდასაჭერად მუსიკალური კლიპი ჩაწერეს:

  • დიანა ღურწკაია;
  • ფილიპ კირკოროვი;
  • ნიკოლაი ბასკოვი;
  • ალექსანდრ ბუინოვი;
  • ანიტა ცოი;
  • დენის მაიდანოვი და სხვები.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო ტალღებმა მოიცვა.  მოქალაქეები ალექსანდრ ლუკაშენკოს კვლავ გაპრეზიდენტებას აპროტესტებენ და არჩევნების თავიდან ჩატარებას მოითხოვენ.