დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი შემცირდა – განათლების სამინისტრო

“ბოლო კვირის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი შემცირდა “- ამის შესახებ ინფორმაციას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე 169 სკოლა და ცალკეული 438 კლასი იმყოფება.

“სტაბილური ვითარება ნარჩუნდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების კუთხით. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებელთა 0.9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70,7%.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის საჭირო რესურსების მარაგით.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.