დმანისში დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ

ფოტო : Netgazeti

ორდღიანი დაპირისპირების შემდეგ, დაპირისპირებულმა მხარეებმა, ერთმანეთს ხელი დმანისში, მერიის შენობაში  ჩამოართვეს.

„რაც მოხდა იყო ძალიან სამწუხარო, არ ვიცი ვინ იყო ორგანიზატორი. არ უნდა მიეცეს ამას გაგრძელება ეს არის მთავარი. ერთი ოჯახი ვართ ერთად უნდა ვიცხოვროთ. ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს და ამით დავასრულოთ ეს დაპირისპირება “, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეხვედრას ესწრებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, სოზარ სუბარი, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში, ასევე, დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი.

დღეს, დილიდან ქალაქის შესასვლელი სამართალდამცავებს გადაკეტილი ჰქონდათ, რამდენიმე საათის წინ კი მოქალაქეებმა ე.წ. პოლიციის კორდონი გაარღვიეს და დმანისის ცენტრის მიმართულებით გაემართნენ. ადგილზე ვითარება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, დაშავდა რამდენიმე მოქალაქე.  როგორც ცნობილია, ფიზიკურად გაუსწორდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს.

მოქალაქეთა ერთი ჯგუფი ხელკეტებით გაუსწორდა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც მსუბუქი მანქანით გადაადგილდებოდა.

მანამდე, ადგილზე,  ჩავიდნენ,შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სუს-ის უფროსი გიორგი ლილუაშვილი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. ლილუაშვილმა განაცხადა, რომ პოლიციამ რაც შეძლო ყველაფერი გააკეთა.

”მყისიერად მოხდა გამოძიების დაწყება და დაკავებულია რამდენიმე პირი, რაც შეეძლო პოლიციას, ყველაფერი გააკეთა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში იქნა გატარებული ყველა ზომა, მათ შორის დაკავებაც”.- ლილუაშვილი.

გომელაურის თქმით, კი მათ შეიყვანეს დამაატებითი ძალები დმანისში თუმცა საკმარისი არ აღმოჩნდა სიტუაციის განსამუხტად.

“ცუდი სიტუაცია იყო გეთანხმებით, რა თქმა უნდა, სწრაფად შეიქმნა ქაოსური სიტუაცია. გუშინდელი დღის შემდეგ იყო გაძლიერებული პოლიცია, მეტი ძალები იყო შემოყვანილი, თუმცა ეს ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი, რაც იყო, 150-200 კაცამდე იყო, რეალურად თუ არის 20 კაცი სხვა მშვიდობიან დროს ბოლნისში გაათმაგებული იყო, სამწუხაროდ, ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი და მოხდა დამატებითი ძალების შემოყვანა, განიმუხტა ამის შემდეგ”, – თქვა ვახტანგ გომელაურმა.

რამდენიმე წუთის წინ კი, დმანისში მიმდინარე მოვლენებს აზერბაიჯანის საელჩო განცხადებით გამოეხმაურა.