დმანისში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები გადაჭრეს – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოიძიება დაიწყეს საერთაშორისო მნიშვნელობის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების დააზიანების საქმეზე.

სექტემბრის ბოლოს მომხდარ ორ ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისისა და მარნეულის სამმართველოები იძიებენ.

შსს-ს ინფორმაციით, „2020 წლის 29 სექტემბერს, ღამის საათებში, შპს “ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის” კუთვნილ, დმანისში, სოფელ ოროზმანის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ კაბელების მანიშნებელ ბოძთან, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა/პირმა მიწა ამოიღო და მიწის სიღრმეში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის კაბელები დააზიანა, გადაჭრა კომპანიის კუთვნილი, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე, შავი ზღვიდან შემომავალი, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, ფოთი-თბილისი-ბოლნისი-დმანისი-სომხეთის მიმართულებით გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები“.

რაც შეეხება მარნეულს, შსს-ს ინფორმაციით, „2020 წლის 28 სექტემბერს, კომპანია “სილქნეტში“ შევიდა შეტყობინება სოფელ სადახლოში, “სილქნეტის” ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანების შესახებ. ადგილზე მისულმა კომპანიის წარმომადგენლებმა ნახეს, რომ გადაჭრილი იყო წყლის არხზე გადამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი. აღნიშნული კაბელით ხდება ინტერნეტით ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფა და იგი ასევე, უკავშირდება სომხეთის რესპუბლიკას“.

ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია და ინტერნეტის მიწოდება შეუფერხებლად ხდება.

შსს-ს განცხადებითვე, აქტიურ გამოძიებასთან ერთად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები დანაშაულში მონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით – სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მსგავს დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 180 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.