ივანიშვილზე წინადადება “ენმ”-ს ლობისტებმა ჩასვეს – კობახიძე კონგრესმენების ანგარიშზე

უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ამერიკელი კონგრესმენების ანგარიშს „დაბალი რანგის დოკუმენტს“ უწოდებს და ამბობს, რომ მასში ბიძინა ივანიშვილზე წინადადება ნაციონალური მოძრაობის ლობისტებმა ჩასვეს.

“მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი არ არის მაღალი რანგის, მაინც ძალიან სამწუხარო და გულდასაწყვეტია, და ვიტყოდი, სამარცხვინოა, რომ ასეთ დოკუმენტში ხდება ლობისტების მიერ ჩასმული წინადადება. თუ ნახავთ დოკუმენტს, არის ძალიან ვრცელი და მთლიანად დოკუმენტში საუბარია ხელისუფლების მხარდაჭერაზე და მაგალითად, საუბარია იმაზე, რომ უპრეცენდენტოდ მაღალია თავდაცვის სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა”,- ამბობს კობახიძე ტვ იმედზე.

მისივე თქმით, დოკუმენტში საუბარია, რომ ქართული ოცნება რუსეთთან არის ალიანსში და დესტაბილიზაციის წყაროა საქართველოში, მაშინ როცა „ქართული ოცნება“ არის “პირველი ხელისუფლება საქართველოში, რომელსაც არ ჰქონია ომი, რომელსაც არ დაუკარგავს ტერიტორიები”.

“ლობისტურ საქმიანობას აქვს ვიწრო ლოკალური შედეგი, თუმცა ვერავითარ შემთხვევაში ექნება წარმატების ეფექტი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ვერც მათი ლობისტებისთვის. სიმართლე იცის ყველამ, სიმართლე იცის ქართველმა საზოგადოებამ და სიმართლე იცის ამერიკის ხელისუფლებამ”,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, “აშშ-ის გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის” ანგარიშში, რომელსაც 13 კონგრესმენი აწერს ხელს, წერია, რომ აშშ-მა უნდა გააფროთოვოს სანქცირებული ადამიანის სია და ამ სიაში ისეთი ოლიგარქებიც უნდა შევიდნენ, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. ასეთ ოლიგარქებს შორის ბიძინა ივანიშვილიც სახელდება, რომელიც “პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.