დონეცკის და ლუგანსკის ლიდერებმა პუტინს მათი სახელმწიფოებად აღიარების თხოვნით მიმართეს

თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებმა, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა რუსეთის პრეზიდენტს მიმართეს თხოვნით, აღიაროს ამ  ტერიტორიების დამოუკიდებლობა, რომლებზე კონტროლი კიევმა 2014 წლის საბრძოლო მოქმედებების შემდეგ დაკარგა. ანალოგიური წინადადებით მანამდე პუტინს რუსეთის პარლამენტმა მიმართა.

დონეცკის და ლუგანსკის ლიდერების მიმართვები სინქრონულად გავრცელდა, ისევე როგორც გასულ კვირას პუშილინის და პასეჩნიკის განცხადებები ქალების და ბავშვების რუსეთში ევაკუაციის, შაბათს კი მამაკაცების სამხედრო მობილიზაციის შესახებ.

“საერთაშორისო სამართალსუბიექტობის განსაზღვრის მიზნით, ასევე უკრაინის ხელისუფლების სამხედრო აგრესიისთვის სრულფასოვანი წინააღმდეგობის  გასაწევად, იმისათვის, რომ არ დავუშვათ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, ინფრასტრუქტურის ობიექტების და საცხოვრებელი ფონდის განადგურება, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მთელი მოსახლეობის სახელით გთხოვთ აღიაროთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფო“– განაცხადა პუშილინმა ტელეარხ რასია24–ის ეთერში.

იგივე ფორმულირებები აქვს პასეჩნიკს – “რათა არ დავუშვათ რესპუბლიკის მაცხოვრებელთა მსობრივი დაღუპვა“. ორივე თხოვს პუტინს არა მხოლოდ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, არამედ რუსეთთან მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის განხილვას.

ამ განცხადებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე რუბლის კურსმა, რომელიც დღეს ისედაც დაცემული იყო, ვარდნა დააჩქარა და დოლარი რუბლთან მიმართებაში 79 რუბზე მაღალ ნიშნულზე ავიდა, რაც 27 იანვრის შემდეგ პირველად მოხდა.