დროულად გამომიგზავნოს ჯარიმის ქვითარი – ნაკაიძე პარლამენტში პირბადის გარეშე ყოფნის გამო დაჯარიმებას ითხოვს

“დროულად გამომიგზავნოს ჯარიმის ქვითარი” – პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე შსს-ს მოუწოდებს, პარლამენტში უპირბადოდ ყოფნის გამო დააჯარიმონ. ამის შესახებ ნაკაიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ის არ მისცემს საკუთარ თავს უფლებას რომ მის შემთხვევაში დაშვებული იქნეს გამონაკლისი ამიტომ ნაკაიძე შსს-ს შესაბამისი ჯარიმის ქვითრის გაგზავნას ითხოვს.

“დღეს, რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ასახული ვარ უპირბადოდ. აქვე ჟურნალისტმა მიუთითა რეგულაციასა და შესაბამის სანქციაზე. მიუხედავად იმისა, რომ სრულად არ ვეთანხმები პირბადის ყველგან ტარების ვალდებულებას, ვფიქრობ დღეს ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის ქმედება, არ იყო სწორი, რადგან ეს წესი მოქმედებს და არაერთი მოქალაქე არის დაჯარიმებული, აღნიშნული წესის დარღვევისთვის. ამიტომ, თავს არ მივცემ უფლებას, ჩემს შემთხვევაში დაშვებული იქნეს გამონაკლისი და მოვუწოდებ შესაბამის უწყებას, დროულად გამომიგზავნოს შესაბამისი ჯარიმის ქვითარი”, – წერს ნაკაიძე.