დუშეთში მიკროავტობუსი კლდიდან გადავარდა – წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 12 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

პირველადი ინფორმაციით, მიკროავტობუსში მყოფი 12 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ტერიტორიაზე უკვე ამოიყვანეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ.

შსს-ის ცნობით, გრძელდება ტრანსპორტში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები. ამასთან, მიმდინარეობს მგზავრთა იდენტიფიცირება და სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.